აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა და თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების პირადი ალბომები და ნივთები, რომლებიც ინახავს აფხაზეთის, როგორც ერთიანი საქართველოს განუყოფელი ნაწილის შესახებ მეხსიერებას, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს, მეგობრობასა და საერთო კულტურას.
თეატრალიზებული წარმოდგენა, რომელიც 33 წლის წინ აფხაზეთში დატრიალებულ ტრაგედიას მიეძღვნა, მუსიკალურად აფხაზეთის შემოქმედებითმა კოლექტივებმა - აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლმა ,,შავნაბადამ", გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ და აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ,,აფხაზეთმა" გააფორმეს; მასში სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებმა ნიკა წერედიანმა, დავით ბერაძემ და სანათა ძაძამიამ მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ გახსნა. მთავრობის მეთაურმა 27 სექტემბრის ტრაგიკულ მნიშვნელობაზე, ოჯახების მიერ განცდილ უდიდეს ტკივილსა და დევნილთა დაბრუნების იმედზე ისაუბრა.
საღამოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, ეროვნული გმირების ოჯახის წევრები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
