გიორგი ჯინჭარაძე სენაკში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო

აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით მიძღვნილი საღამო, „ჩვენი 33-ე ტკივილიანი შემოდგომა“ გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.
 
ღონისძიება აფხაზეთის ომის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას, სამშობლოს ერთიანობისთვის თავდადებული ადამიანების ღვაწლსა და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას მიეძღვნა.
 
საღამოზე, მისასალმებელი სიტყვით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე წარდგა. გიორგი ჯინჭარაძემ საქართველოს ერთიანობისთვის თავდადებული გმირები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და გავაგრძელოთ ბრძოლა ქვეყნის გამთლიანებისა და მშვიდობიანი მომავლისთვის.
 
ღონისძების ფარგლებში, ჟიული შარტავას სახელობის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თეატრალური წარმოდგენით გააცოცხლეს ჟიული შარტავას ცხოვრების გზა, მოღვაწეობა და ომის უმძიმესი დღეები.
 
საღამოს მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავას, გენო ადამიას, გურამ გაბესკირიასა და ნოდარ კანკიას ხსოვნას დაეთმო.
 
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
ღონისძიება ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლის ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.