აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, აფხაზეთის მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე და აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე მინისტრმა ვეტერანებს სამშობლოს წინაშე გაწეული სამსახურისთვის, თავდადებისა და ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მათი ღვაწლის დაფასებისა და სახელმწიფოს მხრიდან მათი ჯანმრთელობისა და სოციალური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში გაწეული განსაკუთრებული წვლილისთვის 21 ვეტერანს მადლობის სიგელი გადაეცა. ომის ვეტერანთა მხარდაჭერის, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებისა და ეროვნული ინტერესების ერთგულებისათვის, მადლობის სიგელით ასევე დაჯილდოვდა აფხაზეთის მეომართა კავშირი.
აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ომის შედეგად I ჯგუფის, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანებისთვის გათვალისწინებული ერთჯერადი ფინანსური დახმარება 300-დან 500 ლარამდე გაიზარდა. 500-ლარიან დახმარებას 70-მდე ბენეფიციარი მიიღებს.
ბესიკ კუსიდის განცხადებით, ვეტერანებზე ზრუნვა სამინისტროს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მათი ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური მხარდაჭერა და საჭიროებებზე მორგებული სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სახელმწიფოსა და საზოგადოების საერთო პასუხისმგებლობაა.




