აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლები და ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. საზეიმო ცერემონია შერატონ გრანდ მეტეხი პალასში გაიმართა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ გახსნა. მოწვეულ სტუმრებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, გიორგი ძაძამიამ მიმართეს.
მინისტრმა მასწავლებლებს მოპოვებული აღიარება მიულოცა და საქმისადმი განსაკუთრებული მიდგომისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა. ,,თანამედროვე განათლება უწყვეტ განვითარებასა და კომპეტენციის მუდმივ ამაღლებას მოითხოვს. ამ პროცესში არსებითია როგორც თავად პედაგოგის მოტივაცია და განვითარებაზე ორიენტირებულობა, ისე ინსტიტუციური მხარდაჭერა და პროფესიული მიღწევების სათანადო დაფასება. გვჯერა, რომ მასწავლებლის შრომის აღიარება ხელს უწყობს წარმატებული გამოცდილების გაზიარებას და დაჯილდოებულ პედაგოგებთან ერთად, მათ კოლეგებსაც ახალისებს პროფესიული განვითარებისკენ ", - აღნიშნა გიორგი ძაძამიამ.
წლის საუკეთესო მასწავლებლები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, სპეციალური კომისიის მიერ გამოვლინდნენ. შერჩეული კანდიდატები სწავლების თანამედროვე, ინოვაციური, მოსწავლესა და მათ საჭიროებებზე ორიენტირებული მეთოდებით, მოსწავლეთა შედეგების დადებითი დინამიკითა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვით გამოირჩევიან.
7 ღვაწლმოსილი პედაგოგი და წლის სამი საუკეთესო მასწავლებელი ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა დააჯილდოვეს. აფხაზეთის საჯარო სკოლების 5 მასწავლებელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მადლობის სიგელი გადაეცა.
საღამო მუსიკალურად აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ,,აფხაზეთმა" გააფორმა, ღონისძიებას საინფორმაციო მხარდაჭერა აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრმა გაუწია.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას საქართველოს პარლამენტის, ცენტრალური მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, სასულიერო პირები, აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
