აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

„აფხაზეთობა 2011“ დღეს დასრულდება

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით „თბილისი არტ ჰოლში"  სახალხო დღესასწაული „აფხაზეთობა 2011"  9 დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარემ  ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი მხატვარებისა და მოქანდაკეების ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა.

საზეიმო საღამო გიორგი შერვაშიძის პრემიის ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონიით დაიწყო. შერვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატებს დიპლომები და ფულადი ჯილდო გადაეცათ. საღამო გალა-კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობა ქართული ესტრადის მომღერლებმა თემურ წიკლაურმა,  დუეტმა ''ჯორჯიამ'', მარიკო ებრალიძემ, აჩიკო ნიჟარაძემ, ბოკა კვეკვესკირმა, გიგუშა მანაგაძემ და სხვებმა მიიღეს. ქართველი მომღერლის ნინო ჩხეიძის შესრულებით შედგა აფხაზური სიმღერის ,,ნანი კარას" პრემიერა. ,,აფხაზეთობის'' დღესასწაულს მიუძღვნეს სიმღერა ელენე ფოჩხუამ და ლაშა გასვიანმაც.

ღონისძიება აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლისა და აფხაზეთის სახელმწიფო ''კაპელის" მონაწილეობით გაგრძელდა. საღამო ალბომის  „სიმღერები აფხაზეთზე" პრეზენტაციით დასრულდა.

10 დეკემბერს, ,,თბილისი არტ-ჰოლში",,აფხაზეთობა 2011'' აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის გალა-კონცერტით დასრულდება.

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით ,,აფხაზეთობა" ტრადიციულად მესამე წელია ტარდება და მისი მიზანი აფხაზეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის -ტრადიციული მუსიკის, ცეკვის, ზეპირსიტყვიერების, ხალხური რეწვის პოპულარიზაცია და აფხაზეთიდან დევნილი მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერაა.