აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ხელოვნების სკოლამ - „აფხაზეთი №1“ სადებიუტო თეატრალიზირებული კონცერტი გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ქალაქ თბილისის მერიის  მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში, ხელოვნების სკოლამ „აფხაზეთი №1" და საოპერო სიმღერის სახლმა, პირველად საქართველოს სახელოვნებო სკოლების სივრცეში, გამართა თეატრალიზირებული კონცერტი „მოცარტიანა", რომელშიც მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და კამერულმა ორკესტრმა მიიღეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე გიორგი ბარამია, ქალაქ თბილისის მერიის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ხელოვნების სკოლა ,,აფხაზეთი №1" ქ. თბილისის მერიის მიერ 2008 წელს ,,სოხუმის №1'' სამუსიკო სკოლის ბაზაზე დაფუძნდა. მერიის მიზნობრივი პროგრამებით, სკოლაში თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის ეთნიკური აფხაზები, რეპატრიანტი მესხები და ინგილოები სწავლობენ. შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ფინანსდებიან. სკოლა წარმატებით მონაწილეობს სხადასხვა საქალაქო თუ რესპუბლიკური მასშტაბის სახელოვნებო კონკურსებსა და ფესტივალებში.