აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2017-02-02   |   
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღება მნიშვნელოვანი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის

ევროპარლამენტის დეპუტატებმა 553 ხმით 66-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და დაამტკიცეს 539/2001 რეგულაციის შესაბამისი ცვლილება, რომლის თანახმადაც საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლებს.

ევროპარლამენტის გადაწყვეტილება იმის დადასტურებაა, რომ  ევროკავშირთან თანამშრომლობა და პარტნიორობა კონკრეტული სარგებლის მომტანია საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის. ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ ევროკავშირი ასრულებს თავის ვალდებულებებს პარტნიორების  მიმართ და შემხვედრი ნაბიჯებით პასუხობს ქვეყნის ძალისხმევას ევროკავშირის სტანდარტების დანერგვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მიმართულებით.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღება ასევე მნიშვნელოვანი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომელთაც საშუალება მიეცემათ ისარგებლონ ყველა იმ სიკეთეებით, რაც ევროკავშირში თავისუფალ გადაადგილებასა და ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობებს მოაქვს.

შემდგომი პროცედურის თანახმად, ევროპარლამენტის კენჭისყრის შემდეგ, განახლებულ რეგულაციას დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო, რითაც ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი საბოლოოდ დასრულდება.

ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ ცვლილებების ფორმალური ხელმოწერის შემდეგ, რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში.

საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად, რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის/ შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით (90 დღე 180 დღის განმავლობაში).

გამომდინარე იქიდან, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული მექანიზმი მესამე ქვეყნებიდან მიგრაციული ნაკადების მნიშვნელოვანი ზრდისა და ამასთან დაკავშირებული რისკებისა და საფრთხეების  შემთხვევაში დაუყოვნებელი რეაგირების შესაძლებლობას ითვალისწინებს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს ის ნეგატიური შედეგები, რომელიც შეიძლება მოყვეს მათ მიერ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის პირობების დარღვევას.

დარწმუნებული ვართ, საქართველოს მოქალაქეები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საკუთარ ვალდებულებებს უვიზო მიმოსვლის პირობებში და ზედმიწევნით დაიცავენ შესაბამის მოთხოვნებს და მიმღები ქვეყნების კანონმდებლობას.

ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი უერთდება საერთო მილოცვას და განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ულოცავს. ვიმედოვნებთ ეს მოვლენა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ნდობის აღდგენას, შერიგებას და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.