აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2017-03-18   |   
პოეტი და საზოგადო მოღვაწე გენო კალანდია მცხეთაში დაკრძალეს

2017 წლის 19 მარტს გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე გენო კალანდია თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძრიდან ქართულმა საზოგადოებამ უკანასკნელ გზაზე გააცილა.

სიონის ტაძარში პოეტთან გამოსამშვიდობებლად და ოჯახის წევრებისთვის მისასამძიმრებლად, იმყოფებოდა ასობით ადამიანი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, მათ შორის საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმოამდგენლები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება.

გამოსამშვიდობებელი სიტყვები წარმოთქვეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავამ, აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე დავით თედორაძემ, საქართველოს სახალხო არტისტმა გოგი ქავთარაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სამძიმრის წერილი წაიკითხა მამა იოანემ და გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

გენო კალანდია მცხეთაში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.