აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ფოთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სოციალური მხარდაჭერის პროგრამის „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის კომპონენტის“ ფარგლებში, ფოთში, მალთაყვის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

დევნილებს  ენდოკრინულ დაავადებათა და მხედველობის სკრინინგი (საჭიროების შემთხვევაში სათვალის რეცეპტის გაცემა),  სისხლი მიმოქცევის სისტემის სკრინინგი, რადიოლოგიური კვლევა და სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია ჩაუტარდათ. დანიშნულების შესაბამისად, პროგრამის ბენეფიციარებს საჭირო მედიკამენტები გადაეცათ.

დევნილთა დასახლებაში COVID-19-ით ინფიცირებულ, თვითიზოლაციაში მყოფ პაციენტებზე ბინაზე მართვის პროტოკოლით გათვალისწინებული მედიკამენტების ნაკრები გაიცა.

სამედიცინო აქცია ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გათვალისწინებით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.

სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე, ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დევნილთა განყოფილების უფროსი ირაკლი ლეჟავა, აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროგრამის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, მათ შორის, ბავშვთა და მოზრდილთა, ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა და შემდგომი   მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.