ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა

2019 წლის 18 ივლისს ქ.თბილიში სასტუმრო ROOMS HOTELS-ის საკონფერენციო დარბაზში, პროგრამის ,,სამშვიდობო ინიციატივები, სამოქალაქო ინტეგრაცია, ნდობის აღდგენის მხარდაჭერა და დიალოგისაკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერება“  ფარგლებში, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია - მრგვალი მაგიდა  თემაზე ,,აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე პროფესორების, დოქტორანტების და მაგისტრანტების ჩართულობა ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესებში.

კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემებზე, იმ გამოწვევებსა და დაბრკოლებების გადაჭრის გზებზე, რომელიც თან ახლავს თანამედროვე რეალობას.  აფხაზეთის  საკითხებზე მომუშავე პროფესორებმა, დოქტორანტებმა, მაგისტრანტებმა, პოლიტიკოსებმა, ექსპერტებმა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს  რეგიონული თანამშრომლობის ახალი ფორმატზე, ე.წ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებასა და ვითარებაზე აფხაზეთში, საინფორმაციო ომსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე,  საქართველოს როლზე გეოპოლიტიკურ სივრცეში, „გაყინულ“ ეთნოპოლიტიკურ კონფლიქტებზე და საერთაშორისო თანამეგობრობის დამოკიდებულებაზე, პოსტკონფლიქტურ  აფხაზეთზე და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში სახალხო დიპლომატიის როლზე.

მონაწილეებს გადაეცათ პროექტის ფარგლებში მომზადებული საკონფერენციო მასალების კრებული, რომლითაც ისარგებლებენ აღნიშნული თემატიკით დაინტერესებული როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ორგანიზაციები და საზოგადოების წევრები. აღნიშნული მასალები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ასევე როგორც სამშვიდობო რესურსი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში.  

შეხვედრის დასასრულს გაიმართა ფილმის ,,ხიდი“ ჩვენება და  დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საჭოს დეპუტატები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, უმაღლესი სასწავლებლები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ახალგაზრდები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

კონფერენციის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები მიეწოდებათ შესაბამის ინსტიტუციებს.

 

 

აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საკონსულტაციო ცენტრ „ბი ეს მედიკალის“ თანამშრომლობის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდათ. სპეციალისტებს შორის იყო უკრაინაში მოღვაწე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გასტროენტეროლოგი და ჰეპატოლოგი ბესიკ შამუგია. დევნილებს სამედიცინო კონსულტაციები, ლაბორატორიული და ექოსკოპიური გამოკვლევები ჩაუტარდათ და ექიმის დანიშნულების შესაბამისად უფასო მედიკამენტები გადაეცათ. გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე დაესწრო. გამოკვლევები დღეს დაიწყო და მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში საკონსულტაციო ცენტრ „ბი ეს მედიკალში“ (ანა პოლიტკოვსკაიას 38) გაგრძელდება.

რეზო ქობალია სოფელ ნარაზენში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია და წარმომადგენლობის თანამშრომლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს (ხეცერის მეურნეობის ბინებში) შეხვდნენ. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ადგილზე გაეცნო დევნილთა პრობლემებს და მათ მოგვარებაში, კერძოდ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში დახმარებას დაჰპირდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და უმაღლესმა საბჭომ ვოვა ვეკუას მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ვლადიმერ (ვოვა) ვეკუას სახელობის ქუჩაზე მდებარე მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო 1989 წელს სოხუმში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას.

ვოვა ვეკუა 1989 წლის 15 ივლისს, შეიარაღებული შეტაკებისას დაიღუპა. იგი იყო აფხაზეთში ილია ჭავჭავაძის მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ასევე ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თანამებრძოლი.

2010 წელს აფხაზეთის №3 საჯარო სკოლას ვოვა ვეკუას სახელი მიენიჭა.

რუსლან აბაშიძე პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში მონაწილე მოსწავლეებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ოკუპირებული გალის რაიონიდან მოსწავლეებს შეხვდნენ, რომლებიც პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში მოქმედი ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში იღებენ მონაწილეობას.

შეხვედრაზე ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია იმყოფებოდნენ.

საზაფხულო სკოლა 23 ივნისს დაიწყო და მასში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის 600 მოსწავლე იღებს მონაწილეობას, მათ შორის, 43 მოსწავლე ოკუპირებული გალის რაიონიდან. საზაფხულო სკოლა ინგლისური ენის გაძლიერებულ სწავლებასა და სხვადასხვა აქტივობას  მოიცავს. 600 მონაწილიდან 21 გაერთიანებულ სამეფოში, ინგლისური ენის სკოლაში გაემგზავრება.

როლანდ ნიჟარაძემ გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო პროგრამის მონაწილეები სახელოსნოში მოინახულა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, წლეულს პირველად განახორციელა „გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო პროგრამა დევნილი ახალგაზრდებისათვის“. წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე, საბოლოოდ სათანადო მონაცემების მქონე 10 დევნილი ახალგაზრდა შეირჩა. შესაბამისად, მათ შესაძლებლობა მიეცათ, მხატვარ-დიზაინერ ეკატერინე გეგუჩაძის სახელოსნოში დაუფლებოდნენ გამოყენებითი ხელოვნების შემდეგ მიმართულებებს: ტიხრული მინანქარი; ტექსტილი (ბატიკა, თექა, ქვილთი, გობელენი, შიბორი), მინის მხატვრული დამუშავება და ცივი ფაიფური.

ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურისავე ორგანიზებით, დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე ქვეპროგრამის მონაწილე ახალგაზრდებს პროგრამის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების დასათვალიერებლად სახელოსნოში ეწვია. მინისტრი მათ სწავლის თავისებურებებზე და მომავლის გეგმებზე ესაუბრა და დაინტერესდა, აპირებენ თუ არა ისინი გამოყენებითი ხელოვნების რომელიმე მიმართულებას გაყვნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ჯაბა ჯაიანი, ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის უფროსი კახა ძაძამია და უფროსის მოადგილე გია ფარცვანია.

ახალგაზრდების ნამუშევრების დათვალიერება ფართო საზოგადოებას 23 ივლისს, 17:00 საათიდან ვალერი არქანიას არტ გალერეაში შეეძლება.

აფხაზეთიდან დევნილი შემოქმედი მოზარდები ფესტივალ ,,არტგენზე“ წარსდგნენ

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილების ინიციატივით, აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებმა შემოქმედმა მოზარდებმა ქართული ფოლკლორის ფესტივალ „არტგენი 2019“-ზე თავიანთი ხელოვნება წარმოადგინეს. 12 ივლისს აქ ,,აფხაზეთის დღე” აღინიშნა და მოზარდებმა ნახატები, გობელენი, ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები გამოფინეს.

„აფხაზეთის დღის“ აღნიშნვაში მონაწილეობდნენ ასევე აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მოზარდ-ახალგაზრდობის მიმართულების გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „გუმბათი“, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მირონი“, ქ. თბილისის მერიის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი 2“ და აფხაზეთიდან დევნილი შემოქმედებითი კოლექტივები - ,,ფაზისი”, ,,ოდოია” და სხვ.

„აფხაზეთის დღე“ ,,არტ გენის” ფესტივალზე ცნობილი ქართველი მომღერლის ნინო ქათამაძის კონცერტით დასრულდა. დევნილი მოზარდები ფესტივალის დასკვნით დღეს დაესწრნენ ანსამბლ ,,სუხიშვილების” კონცერტს, რომელზეც აფხაზეთისადმი მიძღვნილი ცეკვა „ოტობაია“ შესრულდა.

ფესტივალი ეთნოგრაფიულ მუზეუმში წლეულს მეთექვსემეტედ ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ ფესტივალის მთავარი მიზანია ტრადიციული და თანამედროვე კულტურული ფასეულობების პოპულარიზაცია ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ; ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების გამოფენა-გაყიდვების მოწყობა, ასევე უცნობი ნიმუშების შეკრება და საზოგადოებისათვის გაცნობა.

„არტ გენი 2019“ წლეულს, 16 ივნისს ახმეტაში გაიხსნა, რეგიონული ტურნე 28 ივნისს ხონში დასრულდა, ხოლო ფესტივალის თბილისის ტური კი 7-14 ივლისს ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა.

ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაული აღინიშნა

ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია და წარმომადგენლობის თანაშრომლები ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიას დაესწრნენ. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სადაც აფხაზეთიდან დევნილებმაც მიიღეს მონაწილეობა.

რუსლან აბაშიძე საქართველოში პროექტ „ზრდა“-ს ხელმძღვანელის მოადგილე ქეთევან ჭუმბურიძეს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე საქართველოში პროექტ „ზრდა“-ს ხელმძღვანელის მოადგილე ქეთევან ჭუმბურიძეს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში პროექტ „ზრდა“-ს საქმიანობის პრიორიტეტებზე ისაუბრა. მთავრობის თავმჯდომარემ  ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობის უფრო მეტად გააქტიურების საჭიროებაზე და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოითქვა.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, საქართველოში USAID-ის წარმომადგენლები დავით წიკლაური და ედუარდ შერმადინი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი ლევან გერაძე და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეები ვაზიანის სამხედრო ბაზას ეწვივნენ


15 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები მოსწავლეები ვაზიანის სამხედრო ბაზას ეწვივნენ. კონკრეტულად კი მათ ვაზიანის მეხუთე საარტილერიო ბრიგადის შენობა-ნაგებობები დაათვალიერეს. სტუმრობის მიზანი იყო მოზარდებში სამხედრო საქმისა და სამხედრო სამსახურის პოპულარიზაცია.

მოსწავლეებს მეგზურობას უწევდა ვაზიანის მეხუთე საარტილერიო ბრიგადის ოფიცერი დავით გოგოლაძე. მოსწავლეები პირველად ბაზაზე არსებულ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის პატივსაცემად აღმართულ მემორიალურ დაფასთან მივიდნენ. შემდეგ დევნილმა ახალგაზრდებმა დაათვალიერეს სამლოცველო და ბიბლიოთეკა, ლაზარეთი და სპორტული მოედნები, ასევე ვაზიანის ბაზის ტერიტორიაზე სასწავლო წვრთნის ფარგლებში წარმოდგენილი სპეცტექნიკა და სამხედრო იარაღი.

მოსწავლეებს ახლდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანაშემწე მალხაზ კორძახია და მეხუთე ბრიგადის ოფიცრები.

ჯომარდობაში აფხაზეთის თასის მოსაპოვებლად ტურნირი გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩითახევში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ჯომარდობაში აფხაზეთის თასზე ტურნირი ჩაატარა.

ტურნირში მონაწილეობდა  ასზე მეტი ადამიანი,, რომელთა შორის იყვნენ აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები, სპორტული კლუბებისა და ფედერაციების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურული ერთეულების გუნდები და სხვ.

შეჯიბრებაში მონაწილე გუნდებიდან პირველ ადგილზე გავიდა აფხაზეთის რაგბის ფედერაციის გუნდი, მეორე ადგილზე - აფხაზეთის ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის გუნდი, მესამე ადგილზე კი ასპინძის მორაგბეთა გუნდი „ტაო“.

გამარჯვებულ გუნდებს შესაბამისი კატეგორიის მედლები, დიპლომები და თასები გადაეცათ.

ჯომარდობას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია და ჯომარდობაში მონაწილე გუნდების გულშემატკივრები.

 

რუსლან აბაშიძე ბათუმში აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრებთან და აჭარის ა/რ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქ. ბათუმში, ე.წ. „ბენზეს“ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები მოინახულა. რუსლან აბაშიძე აქ მცხოვრები დევნილების საცხოვრებელ პირობებს, პრობლემებს გაეცნო და მათ, საჭიროებისამებრ, დახმარებას შეჰპირდა.

შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის შემეცნებით-გასართობი პროგრამა „მე ვარ აფხაზეთი“ გაიმართა. კერძოდ, დასახლებაში მცხოვრები ბავშვებისათვის აფხაზეთიდან დევნილმა მხატვრებმა, აჭარის მხატვართა კავშირთან ერთად ხატვისა და ქართული კალიგრაფიის მასტერკლასები მოაწყვეს; აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მოზარდ-ახალგაზრდობის შემოქმედებითი მიმართულების როკ-ჯგუფმა „ოცნებამ“ კონცერტი გამართა; სენაკის თოჯინების თეატრმა „მიმინომ“ სპექტაკლი წარმოადგინა; მოზარდებისთვის ჩატარდა ინტელექტუალურ-შემეცნებითი ვიქტორინა; ბავშვები გაართეს ასევე ანიმატორებმა და ზღაპრების გმირებმა. დამსწრეთ საჩუქრად გადაეცათ ცენტრის მიერ გამოცემული ჟურნალები: „რიწა“ და „იალქანი“,გენო კალანდიასა და აზა ბასლანძის პოეტური კრებულები.

ბოლოს დასახლებაში მცხოვრებმა ბავშვებმა სიმბოლურად ცაში ჰელიუმის ფერადი ბუშტები გაუშვეს. ორგანიზატორები მათ ნაყინითა და გამაგრილებელი სასმელით გაუმასპინძლდნენ. შეხვედრა დიდი ემოციებითა და კვლავ შეხვედრის სურვილით დასრულდა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით რუხის ინოვაციების ცენტრში საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

    გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით რუხის ინოვაციების ცენტრში საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ისაუბრეს თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრისპირა სოფლებში არსებულ ვითარებაზე, არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე, მათი უსაფრთხოების პრევენციაზე. იმსჯელეს ასევე, სხვადასხვა პროგრამებში დევნილი მოსახლეობის, განსაკუთრებით, ახალგაზრდების ჩართულობაზე.

შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე, უწყებათაშორისი კომისიის წევრები, ქალთა ორგანიზაციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

რუსლან აბაშიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა. შეხვედრას აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ისაუბრეს იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც აჭარის მთავრობა რეგიონში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისადმი იჩენს და ასევე აფხაზების თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად გადადგმულ ნაბიჯებზე.

ხაზი გაესვა განათლების მიმართულებით აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებას. კერძოდ, ბათუმში მცხოვრები აფხაზური წარმომავლობის მოსახლეობისთვის ენის შენარჩუნების მიზნით, რამდენიმე საჯარო სკოლაში სპეციალური სასწავლო პროგრამა ამოქმედდა.

შეხვედრის მონაწილეებმა სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო ერთობლივი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

რუსლან აბაშიძე ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები ქალაქ ბათუმში, „ბენზეს“ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდნენ და ჩასახლებაში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს. 

დევნილებთან შეხვედრების შემდეგ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ჩასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ბავშვებისათვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიება „მე ვარ აფხაზეთი“ მოეწყო.

ღონისძიების ფარგლებში მოზარდებისთვის აფხაზეთიდან დევნილი და ბათუმელი მხატვრების ხატვისა და კალიგრაფიის მასტერკლასები ჩატარდა, ასევე ბავშვების მონაწილეობით ინტელექტუალურ-შემეცნებითი ვიქტორინა გაიმართა.  ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული როკ-ჯგუფის კონცერტი და სენაკის თოჯინების თეატრის სპექტაკლის ჩვენება მოეწყო. ჩასახლებაში მცხოვრები მოზარდების ხალისიან განწყობაზე ანიმატორებმა და სხვადასხვა ზღაპრის გმირებმა იზრუნეს.  მოზარდებს საჩუქრად ჟურნალები „რიწა“ და „იალქანი”, გენო კალანდიას, აზა ბასლანძის პოეტური კრებულები და ტკბილეული დაურიგდათ.