აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „აფხაზეთობის კვირეული“ ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, საგუნდო მუსიკის კონცერტი გაიმართა.
მაყურებლის წინაშე გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა წარდგნენ.
მუსიკალური საღამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა. შესრულდა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების საგუნდო მუსიკის ნაწარმოებები.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ მიმართეს, რომელთაც აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერაზე და აფხაზეთობის კვირეულის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„ეს ღონისძიება „აფხაზეთობის კვირეულის“ ფარგლებში იმართება და არის ჩვენი იდენტობის ზეიმი, ჩვენი ენის, ტრადიციებისა და იმ სულიერი ერთობის განმტკიცება, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს. დღეს ჩვენ აქ ვართ, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ ყველას, რომ აფხაზეთი ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და, რაც მთავარია, ის ჩვენი გარდაუვალი მომავალია.
ხელოვნება და კულტურა არის ის ძალა, რომელიც არ ცნობს ხელოვნურ ბარიერებს, მავთულხლართებსა და გამყოფ ხაზებს. ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების გენიალური ნაწარმოებები, რომლებსაც დღეს მოვისმენთ, არის ერთგვარი სამშვიდობო გზავნილი, რომელსაც ენგურის გაღმა მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ვუგზავნით“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აფხაზეთისა და აჭარის მთავრობის წევრები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ესწრებოდნენ.
„აფხაზეთობის კვირეული“ 18 მაისს დაიწყო და 24 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
