სიახლეები

მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძემ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა. 5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 170 სამხედრო, შსს-ს 19 თანამშრომელი, 244 სამოქალაქო პირი, 2 234 ადამიანი დაიჭრა, ხოლო 26 000 კი დევნილად იქცა.

რუსული აგრესიის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 8 აგვისტოს, მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვა.

2026-08-08
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე საბერძნეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაში ქალაქ ათენში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, ქართველი ემიგრანტები მონაწილეობდნენ.

გიორგი ჯინჭარაძემ, დიასპორის წარმომადგენლებს, ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთის მთავრობის პროგრამებისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ აფხაზეთის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება.

მთავრობის თავმჯდომარემ, ასევე, სამშვიდობო პროცესებში აფხაზეთიდან დევნილი ემიგრანტების ჩართულობის გაძლიერებაზე ისაუბრა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებმა განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაღრმავებას, ერთობლივი ღონისძიებებისა და ქართულ-აფხაზური კულტურული შეხვედრების ორგანიზებას.

საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე და საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ბერიძე ესწრებოდნენ.

2026-08-07
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საბერძნეთში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის ორგანიზებულ საერთაშორისო ბანაკს ეწვია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად, ათენში საერთაშორისო ბანაკის დახურვის ღონისძიებას დაესწრო და დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა.
 
ბანაკის დახურვის საზეიმო ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა წარადგინეს შემოქმედებითი ნომრები, ქორეოგრაფიული და მუსიკალური პერფორმანსი.
 
ღონისძიებაზე გიორგი ჯინჭარაძემ და ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, წარმატებები უსურვეს და სერტიფიკატები გადასცეს.
 
დახურვის ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე ესწრებოდნენ.
 
ათენის საზაფხულო ბანაკში 11-დან 14 წლამდე აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები მონაწილეობდნენ. ორი კვირის განმავლობაში, ახალგაზრდები ჩართულნი იყვნენ მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ პროგრამაში. მათთვის ასევე მოეწყო შემეცნებითი ექსკურსიები ათენის ისტორიულ და ღირსშესანიშნავ ადგილებში.
 
საერთაშორისო ბანაკი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით და ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, ასევე ქალაქ ათენის მერიასთან თანამშრომლობით ჩატარდა.
2026-08-07
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე სტამბოლში მსოფლიო პატრიარქს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ქალაქ სტამბოლში მსოფლიო პატრიარქ ბართლომე I-ს შეხვდა.

შეხვედრაზე მსოფლიო პატრიარქმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას მხარდაჭერა აღუთქვა.

საუბარი შეეხო, ასევე, აფხაზეთის ომით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებს. მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული მართლმადიდებლური ტაძრების, მონასტრებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებს.

მთავრობის თავმჯდომარემ მსოფლიო პატრიარქს წლების განმავლობაში დევნილი ბავშვების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, მადლიერება გამოხატა კუნძულ ქინალიადაზე გამართულ საერთაშორისო საზაფხულო ბანაკში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ბავშვების მასპინძლობისთვის.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე, საქართველოს გენერალური კონსული სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი და მსოფლიო საპატრიარქოს საყდრის არქიმანდრიტი და სტამბოლის ქართული სამრევლოს წინამძღვარი ილია ჯინჯოლავა ესწრებოდნენ.

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებითა და მსოფლიო პატრიარქის მხარდაჭერით, საერთაშორისო საზაფხულო ბანაკი ყოველწლიურად იმართება.

2026-08-05
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან შეხვედრა ქუთაისში გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე იძულებით გადაადგილებულ პირებთან აქტიურ კომუნიკაციასა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესწავლას განაგრძობს. მთავრობის თავმჯდომარემ დევნილ მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრა ქუთაისში გამართა.

შეხვედრაზე მოსახლეობამ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს უმთავრესი პრობლემები გააცნეს და კომპაქტურ ჩასახლებებში არსებულ ძირითად საჭიროებებზე ისაუბრეს.

გიორგი ჯინჭარაძის განცხადებით, დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერა აფხაზეთის მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, ხოლო მოქალაქეებთან პირდაპირი დიალოგი და მათი საჭიროებების სიღრმისეულად შესწავლა გადამწყვეტია პრობლემების სწრაფად გამოვლენისა და მათზე ეფექტიანი რეაგირებისთვის. შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აფხაზეთის მთავრობა, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, დროულ და ეფექტურ რეაგირებას განახორციელებს.

მთავრობის თავმჯდომარემ დევნილებს, ასევე, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთის მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის შესახებ, რომელიც ყველა უწყების პროგრამებსა და სერვისებს ერთიან ციფრულ სივრცეში აერთიანებს.

იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან მსგავსი ფორმატის შეხვედრები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

2026-07-31
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ ქსელში შემავალი კლინიკების მენეჯერებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ ქსელში შემავალი კლინიკების მენეჯერებს შეხვდა.
 
შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ სამედიცინო დაწესებულებებში არსებული გამოწვევები განიხილა, კლინიკების თანამედროვე სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოებისა და დევნილი ბენეფიციარებისთვის მაღალი ხარისხის სერვისების შეთავაზების საკითხებზე ისაუბრა.
 
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი და სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია ესწრებოდნენ.
 
სამედიცინო ცენტრი „აფხაზეთი“ საქართველოს მასშტაბით 11 ფილიალს აერთიანებს, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს.
2026-07-23