აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გლდანის რაიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, გლდანის რაიონში, წყალსადენის ქუჩაზე მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.
 
შეხვედრაში აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, გლდანის რაიონის დელეგატი პარლამენტში ვლადიმერ ბოჟაძე და საკრებულოს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ოგბაიძე მონაწილეობდნენ.
 
შეხვედრაზე მათ ადგილზე არსებული საჭიროებები შეისწავლეს და განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
 
აღნიშნულ მისამართზე აფხაზეთის მომსახურების სააგენტოს ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დევნილი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის, განახლდა არსებული და ასევე დამონტაჟდა ერთი ახალი ლიფტი.