გიორგი ჯინჭარაძე საფეხბურთო კლუბ „გაგრის“ ახალი ფორმის პრეზენტაციას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საფეხბურთო კლუბ „გაგრის“ ახალი ფორმის პრეზენტაციას დაესწრო.
 
ღონისძიების ფარგლებში, კლუბმა ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებსა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებს ქალაქ გაგრის არქიტექტურით შთაგონებული, ახალი სათამაშო ფორმა წარუდგინა.
 
პრეზენტაციაზე მთავრობის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, სადაც საფეხბურთო კლუბის მნიშვნელობაზე და აფხაზეთის მთავრობის მიერ კლუბის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა.
 
გიორგი ჯინჭარაძემ, ასევე, გუნდის თითოეულ ფეხბურთელსა და სამწვრთნელო შტაბს სამომავლო წარმატებები უსურვა.
 
საფეხბურთო კლუბ „გაგრის“ ახალი ფორმის დიზაინი ისტორიულ მემკვიდრეობას, თანამედროვე ესთეტიკასა და იმ ღირებულებებს აერთიანებს, რომელიც კლუბის იდენტობას განსაზღვრავს. პროექტის მთავარ მიზანს ერთიანობის იდეის გაძლიერება და კლუბის თანამედროვე ხედვის საზოგადოებისთვის გაცნობა წარმოადგენს.