გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის, ზუგდიდის ტექნოპარკში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან ერთად დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარემ დევნილ ბენეფიციარებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები და ახალი პროგრამა გააცნო, ასევე აფხაზეთის მთავრობის მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერებაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე მონაწილეებს გააცნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განხორციელებული და მოქმედი პროგრამები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ მხარდაჭერას.

ღონისძიების მონაწილეებმა დევნილი ბენეფიციარებისთვის გადაცემული მოტობლოკები და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაათვალიერეს. გიორგი ჯინჭარაძემ და თენგიზ ნასარიძემ პროგრამის მონაწილე ბენეფიციარებს შეხვდნენ და მათი საჭიროებები მოისმინეს.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.