აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ბესიკ კუსიდიმ და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა დავით კაიკაციშვილმა.
მემორანდუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ორ უწყებას შორის კოორდინაციის გაძლიერებისა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიმართულებით.
მემორანდუმის ფარგლებში სააგენტო სამინისტროს კანონმდებლობით განსაზღვრულ საჭირო ინფორმაციას მიაწვდის.
მემორანდუმის მიზანია უწყებებს შორის თანამშრომლობის უფრო მეტად გაძლიერება და ინფორმაციის გაცვლის ეფექტიანი მექანიზმის ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, მათი ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ეფექტიან ადმინისტრირებას.