იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო

თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ინეგოლში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შევხვდით.
ვისაუბრეთ თურქეთში მცხოვრები ქართული დიასპორის განსაკუთრებულ როლზე ქართულ-თურქული ურთიერთობების გაღრმავებაში, ასევე, ქართული ენის, კულტურის, ტრადიციებისა და ისტორიული ფესვების შენარჩუნების საქმეში. საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკას და სავაჭრო-ეკონომიკური, ტურისტული, კულტურული თუ საგანმანათლებლო მიმართულებებით ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს.
ყურადღება გავამახვილე თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ ქართველთა და აფხაზთა სამაგალითო, მეგობრულ თანაცხოვრებაზე. დიასპორას მადლობა გადავუხადე ჩვენი ტრადიციებისა და ადათ-წესების შენარჩუნებისთვის. მე აფხაზეთიდან ვარ და მათ მსგავსად, კარგად ვიცი, როგორი რთულია, იყო საკუთარ მიწა-წყალს მოწყვეტილი და ვერ ნახულობდე ოჯახის წევრებს. მჯერა, რომ მალე, ღვთის ნებითა და ჩვენი ერთობით, შევძლებთ ერთიან საქართველოში ცხოვრებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ - მარმარასა და კავკასიის ქართული ასოციაციების ფედერაციის პრეზიდენტი, იზნიქის, ინეგოლის, ორჰანგაზის, გემლიქის, ბურსას, ბალიქესირისა და გოლჯუქის ქართული საზოგადოებების თავმჯდომარეები, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია და საქართველოს გენერალური კონსული სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი.