აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ბავშვთა უფლებების შესახებ შეხვედრა გაიმართა

 
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციის „თანხმობა“ აქტიური ჩართულობით, ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების თაობაზე შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა ნანა გაბელიამ გახსნა.
აღნიშნული პროექტის მიზანია აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული 15-17 წლის სამოცამდე დევნილი მოზარდის ცნობიერების ამაღლება და ინფორმირებულობის გაზრდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ბავშვთა უფლებების კონვენცია, ბულინგი-როგორც ძალადობის ერთ-ერთი ფორმა და მასთან გამკლავების უნარ-ჩვევები, სახელმწიფოში არსებული ახალგაზრდული სერვისები, მათზე ხელმისაწვდომობა და სხვა.
შეხვედრაში, ასევე, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციის „თანხმობა“ წარმომადგენელი ნანა გოგოხია, საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორი ია ჩხეიძე, სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დეპარტამენტის უფროსი ნინო ტყეშელაშვილი და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის უფროსი ნათია ალიაშვილი მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამით გათვალისწინებული საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრები უკვე გაიმართა ზუგდიდისა და ხონის მუნიციპალიტეტებში, ამჟამად კი სამიზნე აუდიტორია, ქალაქ თბილისსა და ქალაქ რუსთავში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები არიან.
ღონისძიებას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილეები, მინისტრის აპარატის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების პროექტი მინისტრის აპარატის პროგრამის „სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა“ ფარგლებში ხორციელდება.