აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
მიხეილ მესხის სახელობის ტურნირში საპრიზო ადგილი ოკუპირებული გალის რაიონის საფეხბურთო გუნდმა მოიპოვა

ზუგდიდში, კახათის ჟორა გეთიას სახელობის სტადიონზე, 11 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა შორის მიხეილ მესხის სახელობის საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. ტურნირში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული გუნდი მონაწილეობდა, რომელიც საპრიზო, მესამე ადგილის მფლობელი გახდა.

ტურნირის მონაწილეებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად მიხეილ მესხის მეუღლე ქეთევან მესხი შეხვდა. გამარჯვებულ გუნდებს თასები, სიგელები, მედლები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.

საფეხბურთო ტურნირს ესწრებოდნენ აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტური ჩასახლებებიდან.

რეზო ქობალიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილთა ჩასახლებებში შესრულებული სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს დაფინანსებით სოფელ ჭითაწყარში, ელქსელისა და აღმაშენებლის №222-ში მდებარე, ყოფილი პროფსასწავლებლის შენობას და ხუბულავას ქუჩაზე №14-ში (ყოფილი ვეტლაბორატორიის ერთსართულიანი შენობა) დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებას სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა.

აღნიშნულ ობიექტებზე იმყოფებოდნენ და შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა  რეზო ქობალიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს  წარმომადგენლებმა.

სამუშაო შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია და მთავარი მრჩეველი თემურ ბოკუჩავა მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე  ადგილობრივი ხელისუფლებისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელებული საქმიანობის შესახებ, ასევე დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე ისაუბრეს.

დღესვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლებს შეხვდა.

სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 26 წელი გავიდა. საქართველოს ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლებმა.

დღესვე ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღოლის, დეკანოზ მალხაზ ჭანტურიას მეთაურობით ენგურის ხიდზე მსვლელობა მოეწყო და საქართველოს მთლიანობისთვის პარაკლისი აღევლინა, ხოლო  ზუგდიდის მაცხოვრის კარის ეკლესიაში აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.  

27 სექტემბრის ღამეს სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით რუხში, ენგურის ხიდზე მდუმარე აქცია გაიმართა. ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ და მსვლელობის მონაწილეებს შეუერთდნენ სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები.

რეზო ქობალია ფოთში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა

სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია ქალაქ ფოთში, სასწავლო ცენტრის შენობაში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხებზე. ასევე, იმსჯელეს სპეციალური კომისიის შექმნაზე, რომელიც იმუშავებს ისეთ საკითხებზე, რაც პორტის სიახლოვეს ჩასახლებულ დევნილებს აწუხებთ.

დევნილებთან შეხვედრაში სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

 

რეზო ქობალია სოფელ ოქტომბერში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა

სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე მანუჩარ ჩილაჩავასთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში, ყოფილი სკოლა-ინტერნატის ტერიტორიაზე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებასა და ამავე სოფლის თარაგამულის უბანში, ბაღის შენობაში ჩასახლებულ დევნილებთან იმყოფებოდა.

დევნილებთან შეხვედრაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, გაზიფიცირების, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის და თარაგამულის უბნის ბაღის შენობაში მცხოვრები ოთხი დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხებზე ისაუბრეს.

რუსლან აბაშიძე რუხის სავაჭრო ცენტრში „საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივი პროექტის „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“ პრეზენტაციას დაესწრო

რუსლან აბაშიძე რუხის სავაჭრო ცენტრში „საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივი პროექტის „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“ პრეზენტაციას დაესწრო

რუხის სავაჭრო ცენტრში „საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივი პროექტის „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დაფინანსდებას ითვალისწინებს და „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველო“ განახორციელებს. დამწყებ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ინოვაციურ სიახლეებზე ორიენტირებული ბიზნესი წამოიწყონ.

დღესვე მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი დანელიამ და „USAID Zrda“-ს ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, „საპარტნიორო ფონდი“ და „USAID Zrda“ საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ინვესტირებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს.

ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია სიმბოლურად, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრში გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, USAID -ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა, „USAID Zrda“-ს ხელმძღვანელმა ქეთევან ჭუმბურიძემ და „საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი დანელიამ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია,სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები,  ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების, USAID-ის, „საპარტნიორო ფონდის“, „სტარტაპ საქართველოს“, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

 

აფხაზეთის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

დღეს სამეგრელოს რეგიონში განთავსებულ აფხაზეთის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. სკოლაში პირველკლასელებს სახელმწიფოსგან საჩუქრად  ნეტბუქები დახვდათ, ასევე ყველა მოსწავლეს უფასო სახელმძღვანელოები გადაეცა.

2019-2020 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია და წარმომადგენლობის თანამშრომლები აფხაზეთის №1, №11, №12, №14 და №15 საჯარო სკოლებს ესტუმრნენ და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

 

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ზუგდიდში, აღმაშენებლის №222-ში მდებარე ყოფილი პროფსასწავლებლის შენობას, სადაც განთავსებულია აფხაზეთის №1 საჯარო სკოლა, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. შენობაში შეიცვალა წყალსაწრეტი მილები და განახლდა სკოლის სახურავი.

სკოლაში შესრულებული სამუშაოები ადგილზე  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ დაათვალიერა.

სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.  ახალი სასწავლო წელი დღეს აფხაზეთიდან დევნილმა 328 მოსწავლემ განახლებულ შენობაში დაიწყო.

 

სამეგრელოში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებილ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში, მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების პროგრამის ფარგლებში,  ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, ყოფილი უნივერსიტეტის შენობაში სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, დამონტაჟდა  წყლის საქაჩი ახალი ტუმბო და კორპუსში მოწესრიგდა  შიდა ინფრასტრუქტურა.  

ასევე, სამეგრელოში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ჭითაწყარში, ელქსელისა  და  აღმაშენებლის №222-ში მდებარე, ყოფილი პროფსასწავლებლის შენობებში. დაგეგმილია ინფრასტრუქტურული სარემონტო სამუშაოების დაწყება ხუბულავას ქუჩაზე №14-ში (ყოფილი ვეტლაბორატორიის ერთსართულიანი შენობა) დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში.

სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ ადგილზე დაათვალიერა.

აღნიშნულ ობიექტებზე იმყოფებოდნენ და სამუშაოების მიმდინარეობას მონიტორინგი გაუწიეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრის მოადგილე დავით მიქავამ, სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ და სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის წევრებმა.

 

 

რეზო ქობალია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე მანუჩარ ჩილაჩავა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის მოადგილე ვალერი თოდუა, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განყოფილების უფროსი გელა ვეკუა მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დევნილთა ჩასახლებებში არსებული ინფრასტრუქტურის, ფართების დაკანონების, სტრატეგიული ობიექტებიდან დევნილთა გამოყვანის და მათი შემდგომი განსახლების საკითხები  განიხილეს. შეთანხმდნენ ერთობლივად მოახდინონ პრობლემების იდენტიფიკაცია და კოორდინირებულად გადაწყვიტონ ყველა საკითხი.

შეხვედრის მონაწილეები ჩხოროწყუში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ოჯახებს შეხვდნენ. მოინახულეს აფხაზეთიდან დევნილი ტყებუჩავების ოჯახი, რომელთაც ხანძრის შედეგად სახლი დაეწვათ. ასევე, იმყოფებოდნენ ყოფილი საგზაო სამმართველოს შენობაში, სადაც დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებას ქარის შედეგად  სახურავი დაუზიანდა.

იმავე დღეს რეზო ქობალია და მანუჩარ ჩილაჩავა  ზუგდიდში, კომბინატში, უნივერსიტეტის შენობის კომპაქტურ ჩასახლებაში იმყოფებოდნენ, სადაც ქარმა ასევე დააზიანა შენობის სახურავი. ობიექტზე აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

სამეგრელოში პროექტ ,,კულტურა საზღვრების გარეშე“ ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა

ქალაქ ზუგდიდსა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელებში - ტყაიასა და რუხში პროექტ ,,კულტურა საზღვრების გარეშე“ ფარგლებში ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

ტყაიაში საჯარო სკოლის ეზოში მდებარე ,,სკვერის ბიბლიოთეკა“ წიგნადი ფონდით განახლდა, საჯარო სკოლაში მკვლევარმა ნატო მარშანიამ და ისტორიის დოქტორმა, პროფესორმა ლია ახალაძემ აფხაზეთის თემაზე ლექცია წაიკითხეს. პროექტის ფარგლებში ღონისძიებები ჩატარდა რუხის საჯარო სკოლაშიც, სადაც პოეტმა მანონ ბულისკირიამ თემაზე ,,თანამედროვე მწერლები დევნილობაში ლექცია წაიკითხა.

პროექტი ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში ზვიად ბოლქვაძისა  და მუსიკალურ ბენდ ,,ნიუტონის“ კონცერტით დასრულდა.

ღონისძიებას სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია და წარმომადგენლობის თანამშრომლები დაესწრნენ.

სამეგრელოში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს დაფინანსებით გრძელდება სარემონტო-ადგენითი სახის სამუშაოები დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში.

ზუგდიდში, აღმაშენებლის №222-ში მდებარე ყოფილ პროფსასწავლებლის შენობას  დაუმონტაჟდა წყალსაწრეტი მილები, მიმდინარეობს სახურავის რემონტი, უახლოეს ხანებში სახურავის შეღებვითი სამუშაოები დაიწყება.

ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ახალი წყალსაწრეტი მილები უმონტაჟდება სოფელ ოქტომბრის ყოფილ პროფსასწავლებლის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებას.

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი   რეზო ქობალია და მთავარი მრჩეველი თემურ ბოკუჩავა ესწრებიან.

რეზო ქობალია ზუგდიდში ვეტერანთა ხეივნის გახსნას დაესწრო


ზუგდიდში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე ვეტერანთა ხეივანი საზეიმოდ გაიხსნა. ხეივანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასთან, მოადგილეებთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ რეზო ქობალიასთან, ვეტერანებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გახსნა.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და ხეივნის ტერიტორიაზე მოეწყო სკვერი, საფეხმავლო ბილიკი, გარე განათება, გამწვანება, ბორდიურები და ველობილიკი.

 

 

აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების მონაწილეობით ზუგდიდში ფეხბურთის ტურნირი გაიმართა

სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების მონაწილეობით საფეხბურთო ტურნირი გაიმართა.

საფეხბურთო გუნდებს შორის პირველი და მეორე ადგილის მფლობელები ლაღიძის ქუჩისა და ფაიფურის დასახლების მოზარდები გახდნენ. ტურნირში გამარჯვებულ გუნდს თასი, ხოლო მონაწილეებს  მედლები და სიგელები გადაეცათ.

გამარჯვებულები  სამეგრელო - ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ საზეიმოდ დააჯილდოვეს.

ტურნირის მიზანია სპორტულ ცხოვრებაში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების ჩართულობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ახალგაზრდებში ფეხბურთის პოპულარიზაცია.