აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2020 წლის 23 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების შერწყმას და წარმომადგენლობების ნაცვლად სამინისტროს სისტემაში ტერიტორიული ორგანოების შექმნას. მიმდინარე ცვლილებების მიზანია ე.წ. „მცირე მთავრობის“ კონცეფციის ფარგლებში მოქნილი და ეფექტური სტრუქტურების ჩამოყალიბება, რომელიც სათანადოდ უპასუხებს არსებულ გამოწვევებს, ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას და დევნილი მოსახლეობის პრობლემების გადაჭრას მოემსახურება.

ასევე, განიხილეს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, რომლითაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე (ოჯახებზე) ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევის მიზნით განისაზღვრა დახმარების მიმღებთა კონკრეტული კატეგორიები და გამოიყო შესაბამისი ფინანსური სახსრები.