აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

მთავრობის თავმჯდომარე - კომენტარები

2014-01-20
ვახტანგ ყოლბაია: რუსების მხრიდან დეკლარირებული და აფხაზების მიერ ნებადართული ოკუპაცია?!

მდინარე ფსოუდან აფხაზეთის სიღრმეში, გაგრის მიმართულებით 11 კილომეტრით საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით Abkhazia News-მა კომენტარი სთხოვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ ვახტანგ ყოლბაიას.

- ბატონო ვახტანგ, თქვენ როგორ აღიქვამთ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 20 იანვრიდან 21 მარტამდე, მდინარე ფსოუდან საზღვარმა აფხაზეთის სიღრმეში, გაგრის მიმართულებით 11 კილომეტრით გადმოიწია?

- ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთი სოჭის ოლიმპიადის ეგიდით, მზადაა, რუსეთ-აფხაზეთის საზღვარი ქვეყნის შიგნით ასე უაპელაციოდ და უბოდიშოდ 11 კილომეტრით გადმოსწიოს. რა არის ეს? რუსების მიერ დეკლარირებული და აფხაზების მიერ ნებადართული ოკუპაცია? სამწუხაროა, რომ აფხაზები, იძულებულნი არიან რუსეთის კაპრიზი, თავიანთ გადაწყვეტილებად მონათლონ. არავინ დაიჯერებს, რომ ეს აფხაზების გადწყვეტილებაა. სინამდვილში ეს ხომ საქართველო-რუსეთის საზღვარია.

თითქოს ეს 20 იანვრიდან 21 მარტამდე უნდა გაგრძელდეს. არავინ იცის, კიდევ რა სიურპრიზებს უნდა ველოდოთ სოჭის ოლიმპიადის ფარგლებში. რა განაპირობებს რუსეთის ასეთ ქმედებას? შიში? რომ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს სოჭის ოლიმპიადაზე, ასეთი სამარცხვინო და გაუგონარი გადაწყვეტილებების გარეშე. რა თქმა უნდა, ეს სახიფათოა ყველასთვის, აფხაზებისთვის, ქართველებისთვის, თქვენ წარმოდგინეთ თავად რუსებისთვისაც კი. რატომ? როგორც ჩანს რუსეთისთვის არ არის საკმარისი, რომ სოჭის ოლიმპიადაზე ჩამოსვლასთან დაკავშირებით, უკვე რამდენიმე სახელმწიფოს მეთაურმა უარი განაცხადა. რუსეთის ასეთი მოქმედება კიდევ ბევრს უბიძგებს შორს დაიჭირონ თავი სოჭის ოლიმპიადისგან, რაც ნამდვილად არ არის სასიხარულო მოვლენა.

მიხეილ ჭაბუკაშვილი,
სპეციალურად Abkhazia News-სთვის