აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

მთავრობის თავმჯდომარე - ინტერვიუები

2013-05-22
აფხაზეთის პრობლემა მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს

გაზეთი „ახალი თაობა"
თამარ ნინიძე

ვახტანგ ყოლბაია:
- აფხაზეთის მთავრობა იმყოფება არაორდინალურ ვითარებაში, ამიტომ აფხაზეთის მთავრობას ბევრი რამის გადახედვა მართებს, რომ ფეხი აუწყოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, კონკრეტულად კი, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ახლებურ მიდგომებს. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ცენტრალური ხელისუფლების რიტორიკა შეიცვალა, მშვიდობიანი მოგვარების თემა არის ახლა მთავარი. ეს პოლიტიკა უფრო პრაგმატული ხდება და გათვლილი შედეგებზე. მოქნილი და კომპლექსური უნდა იყოს პოლიტიკა, პრიორიტეტი კი აფხაზებთან უშუალო კონტაქტების გამონახვა და მათთან უწყვეტი დიალოგის დაწყება. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია რომ ეს პროცესი სწრაფად დასრულდება, მაგრამ მთავარია, რომ შედეგი იყოს ეფექტური როგორც ქართული, ისე აფხაზური მხარისთვის. ჩვენ მიერ შეთავაზებული ვარიანტები კონფლიქტის მოგვარების უნდა განიხილოს მეორე მხარემ, გაანალიზოს. აუცილებელია, რომ ახალი მთავრობის პირობებში აფხაზეთის უმაღლესი საბჭო და აფხაზეთის მთავრობა როგორც დევნილობაში მყოფი დროებითი ინსტიტუტები, უნდა გახდნენ დევნილი მოსახლეობის, საკუთარი ამომრჩევლის პოლიტიკური და სამართლებრივი ბერკეტები კონფლიქტის მოგვარების საქმეში. ჩვენი მხრიდან მშვიდობიანი გზავნილები სწორად უნდა იყოს აღქმული და მიტანილი აფხაზურ მხარემდე. მე ვფიქრობ, რომ ამ წინადადებებისთვის ჯერ სოხუმში მზად არ არიან. შესაძლოა სოხუმისთვის უფრო კომფორტული იყო სააკაშვილის ხელისუფლება, მთელი მისი რიტორიკითა და სხვა გამოვლინებებით. სავარაუდოდ, ისინი ამჟამად დაბნეულები არიან.

-ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ სოხუმიდან არის რაიმე სიგნალები?

-ისინი კმაყოფილები არიან იმით, რომ ის პირები, ვისთანაც ისინი თანამშრომლობდნენ, დღეს ხელისუფლებაში არიან, მე ვფიქრობ, გარკვეული სიგნალები, რომელიც თბილისიდან იქ მიდის, განიხილება მათ მიერ. უზარმაზარი და მრავალწახნაგოვანი შრომაა საჭირო, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ გაჩნდა ახალი ინსტიტუტი ურთიერთობების დარეგულირების საკითხში დიალოგისთვის, მას ბატონი ზურაბ აბაშიძე უდგას სათავეში. ოკუპაციის შესახებ კანონშიც არის პოზიტიური ცვლილებები და ესეც აფხაზებისთვის ყურადსაღებია. რაც მეტად ხისტად ვიქნებით კონფლიქტის მოგვარების საკითხში, მით მეტი საშიშროება იქნება იმისა, რომ დავრჩეთ იმ პოზიციაში, რომელშიც ახლაც ვიმყოფებით. ქვეყანა იმ ცვლილებით არ დაიქცევა, რომელიც ოკუპაციის შესახებ კანონში შედის. საზოგადოების განწყობასაც სჭირდება მომზადება. აფხაზეთის მთავრობა უნდა იყოს ნაწილი ამ კონფლიქტის მოგვარებაში. მან ხელი უნდა შეუწყოს კონფლიქტის მოგვარებას და არ უნდა ჰქონდეს დამამძიმებელი და უარყოფითი იმპულსების შემომტანი ფუნქცია. ამიტომ მთავრობისადმი ნდობა უნდა იყოს არა აფხაზეთში, რაც გასაგები მიზეზების გამო პრობლემურია, არამედ თავად დევნილ მოსახლეობაში.

-პრემეირ მინისტრმა კოსოვოს და სერბეთის ანალოგიებზი ისაუბრა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხთან მიმართებაში და საზოგადოებამ მისი გზავნილები არასწორად გაიგო. მინდა გკითხოთ, რა მხრივ შეიძლება გამოვიყენოთ ეს მაგალითი?

-ჩვენ კარგად ვიცით, რომ ის სხვა საკითხია და სხვაგვარად არის გადაწყვეტილი. მსოფლიო თანამეგობრობამ, აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა. ჩვენ გვაქვს პოტენციალი საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად და რუსეთთან დიალოგის გზით მოვაგვაროთ ეს პრობლემა. ერთი ხელის მოსმით ეს საკითხი არ გადაწყება. რუსეთის ფაქტორი არ არის უგულებელსაყოფი. ჩვენ უნდა შევთავაზოთ მსოფლიო საზოგადოებრიობას ისეთი რამ, რაც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება. ყველა მხარეს მოტივაცია უნდა ჰქონდეს ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად.

-მოტივაციაში რა იგულისხმება, ის, რომ ჩვენ მხოლოდ მშვიდობიანი გზით ვაპირებთ კონფლიქტის მოგვარებას თუ, მაგალითად, ახალ სტატუსს ვაძლევთ აფხაზებს, რესპუბლიკელებს ჰქონდათ კონფედერეაციის მოდელი?

-მე კონკრეტულ წინადადებებზე ვერ ვილაპარაკებ ამ ეტაპზე იმიტომ, რომ ამისთვის სოხუმი ჯერ მზად არ არის, პირიქით, ისინი ამბობენ, რომ მათ სტატუსი გარკვეული აქვთ და პრობლემა გადაწყვეტილი. როცა თავს ახვევ შენს პოლიტიკურ ზრახვებს ოპონენტს, ის ძალაუნებურად უკან იხევს და თავს იცავს. ჩვენ გვსურს მათთან თანამშრომლობა ეკონომიკურ საკითხებში, გალის რაიონში ქართველების დაბრუნების საკითხში, კრიმინალური ვითარება უკიდურესად მძიმეა. დიპლომატიური მოგვარება ხმაურის და ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე ხდება. ახლა სააკაშვილი იყო ერთ-ერთ ქვეყანაში ჩასული და ტრაბახობდა, რომ რუსეთს დიპლომატიურად მოუგო, ეს ასე ხმაურით არ ხდება.

-ჟენევის ფორმატის გამოყენებაც ალბათ გაგრძელდება?

- რა თქმა უნდა, ამ ფორმატში არ არის დაფიქსირებული ოფიციალური მხარეები, თავიანთი რეალური სტატუსით, ყველა შემთხვევაში ჟენევის პროცესი გასაგრძელებლია.

-რას იტყვით აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე?

-აფხაზეთის მთავრობის შემადგენლობის ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს, თუმცა ეს იქნება მხოლოდ მას შემდეგ, როცა აირჩევა ახალი პრეზიდენტი ქვეყანაში, ამის შემდეგ პრეზიდენტს ექნება სრული ლეგიტიმაცია, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციით დაამტკიცოს და ხელი მოაწეროს აფხაზეთის მთავრობის ახალი თავმჯდომარის დანიშვნას. იქამდე კი მე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გახლავართ. მინდა გითხრათ, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხში უზარმაზარი როლი და ფუნქცია ენიჭება მედია საშუალებებს, იმედია ჩვენი პრობლემების განხილვა აქტუალური და საინტერესო იქნება მედია საშუალებებისთვის. ასევე სურვილი გვაქვს, რომ აფხაზეთის მთავრობის ეფექტური მუშაობის ხელშეწყობისთვის მოვიზიდოთ არასამთავრობო სექტორი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პრობლემების პოლიტიკური განხილვა, დევნილთა ინტერესების მაქსიმალურად გაანალიზება და მონიტორინგი.