აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

მთავრობის თავმჯდომარე - ინტერვიუები

2013-06-29
„თუ მართლაც ასეთი ნაბიჯი გადავდგით, ნებსით თუ უნებლიედ, ჩავეწერეთ იმ სახელმწიფოთა სიაში, რომლებმაც ზარ-ზეიმით აღიარეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა.“

sazogadoeba.ge

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ ყოლბაია:
ცოტა უცნაურია ამდაგვარი განცხადების გაკეთება. ასეთი არაფერი ვიცი. გუშინ ჩამოვედი შეხვედრიდან, რომელსაც ესწრებოდნენ აფხაზების და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები. ისინი ჩიოდნენ, რომ მათი პასპორტი არსად არაა აღიარებული, არ არის მიჩნეული, როგორც ოფიციალური დოკუმენტი არც საქართველოში, არც საზღვარგარეთ, გარდა რუსეთისა. მათ, პრაქტიკულად, უჭირთ მოგზაურობა. ამიტომ, მიმართავდნენ საერთაშორისო თანამეგობრობას, - არიქა, გვიშველეთ და რაღაცნაირად უთხარით საქართველოს, რომ მათ დაგვრთონ ნება, რომ თავისუფლად შეგვეძლოს გადაადგილება უცხოეთში და საქართველოს ტერიტორიაზეო. საიდან მოვიდა ეს განცხადება, აზრზე არ ვარ, მაგრამ... აქ მეორე საკითხია, კონფლიქტის მოგვარების პროცესი წინა ხელისუფლებამ შეიყვანა ისეთ ჩიხში, საიდანაც გამოსავალი, პრაქტიკულად, არ ჩანს. ეს ცხრა წლის გაყინული პროცესი რომ ისევ ასე გაყინული იყოს უსასრულოდ, ალბათ, ამას ემსახურება ქალბატონ ჩიორას განცხადება. და თუ ეს ასეა, მე ძალიან ვწუხვარ. ახალგაზრდა პოლიტიკოსი, ახალგაზრდა პარლამენტარი უნდა ეძებდეს გზებს, რომ როგორღაც მოგვარდეს არსებული პრობლემები. პარლამენტი არაა არც მარტო ოპოზიციის, არც პოზიციის, პარლამენტი არის ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად , უნდა განიხილებოდეს კონფლიქტის დარეგულირების გზები. იმის ნაცვლად, რომ კონკრეტულ გამოსავალს გვთავაზობდნენ, ავრცელებენ ისეთ ინფორმაციას, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან. ვწუხვარ, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც არ უნდათ, ამ ჩიხიდან გამოიყვანონ ქვეყანა.

ამ თემაზე კომენტარი გააკეთეს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. მე არ შემიძლია, არ დავუჯერო იმ ხალხს, ვისაც უშუალო შეხება აქვს ამ საკითხებთან დაკავშირებით. მოდით, დაველოდოთ, რა იქნება ორ-სამ დღეში და მე პირობას გაძლევთ, აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს, თუ დაგაინტერესებთ, რა თქმა უნდა.

გარდა ამისა, არ შეიძლება დასკვნად, დადასტურებულად და ბეჭედდასმულად, მივიჩნიოთ ცალკეული ადამიანების მოსაზრება. ყველა სხვადასხვაგვარად ვხედავთ მოვლენებს.

დასაშვებად მიგაჩნიათ თუ არა აფხაზური პასპორტის ვალიდურობის აღიარების საკითხი და ხომ არ იქნება ეს აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარების ტოლფასი?

- ჩემს მოსაზრებას გეტყვით, რომელიც არავითარ კავშირში არაა სხვების შეხედულებებთან. მე ვთვლი, რომ კონფლიქტის მოგვარების რეალურ გზებზე უნდა დავიწყოთ ფიქრი. ამიტომ კონკრეტულად აფხაზეთის პასპორტის ვალიდურობა იქნება თუ არა ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე, ეს რამდენად მოერგება ან ხელს შეუწყობს კონფლიქტის მოგვარებას მთლიანობაში, არ მიმსჯელია. მაგრამ შეიძლება ამაზე იყოს ლაპარაკი, თუ ეს საერთო ეროვნულ ინტერესებს წაადგება. ეს არის მხოლოდ ჩემი კერძო მოსაზრება.

P.S. ხელისუფლების წარმომადგენლობა მსგავსი ფაქტების არსებობას უარყოფს, თუმცა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, რუსეთსა და საქართველოზე თანამომხსენებელთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის 48-ე მუხლში ვკითხულობთ:

საქართველოს ხელისუფლება განიხილავს დამოკიდებულების შერბილებას აფხაზეთის იმ მაცხოვრებლების მიმართ, რომლებიც მოგზაურობენ (გადაადგილდებიან) რუსული პასპორტებით, მაგრამ არა იმ პასპორტებით, რომლებიც მიღებული აქვთ რუსული ოფიციალური უწყებებისგან აფხაზეთში, რადგან ამან შეიძლება შექმნას რუსეთის მიერ აფხაზეთის (როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკის) აღიარების ცნობის ან აფხაზეთის იურისდიქციის აღიარების შთაბეჭდილება. ამასთანავე გაუქმდა წესები, რომლებიც ართულებდა საქართველოში მოგზაურობას (გადაადგილებას) მათთვის, ვისაც აქვს ე.წ. აფხაზური პასპორტები და ეს დოკუმენტი ვალიდურად იქნა ცნობილი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოს ახალი ხელისუფლება აუქმებს (ცვლის) იმ წესებს, რომლებიც ართულებდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაცემული პასპორტებით მოგზაურობას (გადაადგილებას) საქართველოში და აღიარეს ამ პასპორტებს პირადობის დამადასტურებელ კანონიერ დოკუმენტად, თუმცა საქართველოს მოქმედი მთავრობა აფხაზეთის მაცხოვრებლების მიმართ დამოკიდებულების შერბილებას არ განიხილავს, როგორც რუსეთის მიერ აფხაზეთის ცნობის აღიარებას ან აფხაზეთის იურისდიქციის აღიარებას.