აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

მთავრობის თავმჯდომარე - ინტერვიუები

2015-12-15
რატომ ჩაიშალა ქართულ-რუსულ-აფხაზურ-ოსური მხარეების მოლაპარაკებები?

 

რა გავლენას მოახდენს საქართველო-ევროკავშირს შორის მიღწეული ვიზალიბერალიზაცია აფხაზურ საზოგადოებასა და ელიტაზე, გვესაუბრება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.

 

- ბატონო ვახტანგ, რა გავლენას მოახდენს საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლა აფხაზეთზე?

- ჩემი ვარაუდით, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შემოღებამ არ შეიძლება გავლენა არ მოახდინოს აფხაზურ საზოგადოებაზე.

- როგორ წარმოგიდგენიათ მათი მხრიდან ევროპული სიკეთეების გაზიარება?

- რა თქმა უნდა, ეს მოხდება თბილისის გავლით. სხვანაირად ვერ წარმომიდგენია. ეს იქნება საქართველოს ან საერთაშორისო მაინდიფიცირებელი დოკუმენტების მეშვეობით.

- ნეიტრალური პასპორტი ხომ იყო?

- დიახ, ამ შემთხვევაში ნეიტრალურ პასპორტებზეა საუბარი. ყველა ვერ „გაბედავს" ღიად თქვას, რომ საქართველოს მოქალაქეობა იმიტომ მინდა, უცხოეთში წავიდე და იქ განათლება მივიღოო. თუმცა, ბოლო პერიოდში ბევრი ამბობს, რომ მისთვის ოჯახის წევრის, შვილის ჯანმრთელობა უფრო ღირებულია, ვიდრე პოლიტიკური მრწამსი. ვინც საქართველოს მოქალაქის სტატუსის მიღებას მოერიდება, ის აიღებს ნეიტრალურ პასპორტს და იმით გავა.

- ბატონო ვახტანგ, ოდნავ შევცვალოთ თემა, რატომ ჩაიშალა ჟენევის 34-ე მოლაპარაკება?

- რამდენიმე წლის წინ ანალოგიური დემარში მოახდინეს აფხაზურმა და ოსურმა მხარეებმა რუსულ მხარესთან ერთად, როცა  საკითხი დევნილთა დაბრუნებას ეხებოდა. დევნილთა საკითხი დღის წესრიგში მუდმივად არის და მუდამ იხილება. არ შეიძლება დევნილთა საკითხი დღის წესრიგიდან ამოვარდეს, რადგან ჟენევის მოლაპარაკებები აწყობილია დევნილთა პრობლემებზე.

- ჩირიკბას განცხადებით, თითქოს საკითხი წინასწარ დამუშავებული არ იყო და მათ გარეშე იქნა შეტანილი მოლაპარაკების დღის წესრიგში.

- არა, ასე არ იყო.

- მინდოდა მეკითხა, წინასწარ რატომ არ იყვნენ ინფორმირებული, რომ აფხაზებს პროტესტის საშუალება არ ჰქონოდათ?

- როცა ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მზადდება, მას წინ უძღვის თანათავმჯდომარეების ვიზიტი (თანათავმჯდომარეები არიან ეუთოს, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლები) თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში, დღის წესრიგის შეთანხმება წინასწარ, ერთი თვით ადრე. მეორე - ჟენევაში სხდომების დაწყებამდე გვაქვს შეხვედრები თანათავმჯდომარეებთან, მეორე ჯგუფის ხელმძღვანელებთან და პირველი ჯგუფის ხელმძღვანელებთან. იქ თანხმდება დღის წესრიგი.

ამიტომ ყველამ ყველაფერი იცის, რა საკითხი იხილება იმ დღეს. მოლაპარაკებების მხარეებმა ვიცით, რომ მეოთხე საკითხი ყოველთვის არის დევნილთა საკუთარ სახლ-კარში დაბრუნება. როცა დევნილების საკითხს ვუახლოვდებით, ოსები და აფხაზები რუსებთან ერთად დგებიან და ტოვებენ დარბაზს. როცა ისინი დარბაზს ტოვებენ, ღონისძიება იშლება.

- . ი. ისინი შეგნებულად შლიან მოლაპარაკებებს.

- ბოლოს წინა შეხვედრაზე დარბაზში რჩებოდა რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელი, რომელიც აძლევდა სტატუსს ჩვენს კონსულტაციებს.

   ახლა დევნილთა საკითხზე რომ მიდგა საქმე, განმარტება გააკეთეს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, აშშ-ის, ჩვენი დელეგაციის წარმომადგენლებმა, დევნილთა საკითხების უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა, აფხაზებმა დატოვეს შეხვედრა. რუსიც გაჰყვა და მოლაპარაკება ჩაშლილად ჩაითვალა.

- დევნილების დაბრუნების თემა ძალიან მიუღებელია აფხაზებისთვის თუ მათი ასეთი შეუვალი პოზიცია რუსებისგან მომდინარეობს?

- ძირითადად წამყვან როლს რუსეთის დელეგაცია ასრულებს.

გულიკო ბალაძე
გაზეთი „ახალი თაობა"