აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

მთავრობის თავმჯდომარე - ინტერვიუები

2015-10-19
22 წლის შემდეგ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება პირველი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ესტუმრა

  ცოტა ხნის წინ, ბოლო 22 წლის მანძილზე პირველად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური, დევნილი ხელისუფლების ოფიციალური ვიზიტი შედგა თურქეთის რესპუბლიკაში. რა საკითხებს ეხებოდა ვიზიტი, ვისთან გაიმართა შეხვედრები და რა გადაწყვეტილებები მიიღეს ოფიციალურმა პირებმა – ვიზიტთან დაკავშირებულ ამ და სხვა საკითხებზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ვახტანგ ყოლბაიას ვესაუბრეთ.

 

– ბატონო ვახტანგ, ცოტა ხნის წინ, შედგა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების დელეგაციის ვიზიტი თურქეთში. აღსანიშნავია, რომ ეს აფხაზეთის ხელისუფლების პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო ბოლო 22 წლის მანძილზე. როგორ მოეწყო ეს ვიზიტი და რა იყო თქვენი მთავარი მიზანი?

მოგეხსენებათ, თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია,  როგორ აღიქმება თურქეთში აფხაზეთის პრობლემა.

საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენ პერიოდულად მოგვდის ინფორმაცია,  რომ თურქეთის სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები  ჩადიან აფხაზეთში და ხვდებიან აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტს, მინისტრებს, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს.

როცა მე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი, ეს შემთხვევები უფრო გამწვავებული იყო. აფხაზეთსა და თურქეთს შორის გემების მიმოსვლა და არაოფიციალური სავაჭრო ურთიერთობები   საგანგაშო ნიშნულს აღწევდა. ახლა სოხუმი ცდილობს ამ არაოფიციალური და უკანონო ურთიერთობების სხვა ყალიბში გადაყვანას. აფხაზეთის ეგრეთ წოდებული სავაჭრო-სამრეწველო პალატა კონტაქტების დამყარებას ცდილობს არა მარტო თურქეთთან, არამედ სხვა ქვეყნებთანაც. ხშირია ისეთი ფაქტები, როცა ერთ-ერთი ვილაიეთის წარმომადგენლობა მერის ხელმძღვანელობით, აფხაზეთში ჩადის და შეხვედრებს მართავს საკმაოდ ფართო საზოგადოებასთან. ბოლო დროს ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის რექტორმა, რამდენიმე დეპუტატმა, ჟურნალისტთა დიდმა ჯგუფმა. ბუნებრივია, ეს ჩვენს შეშფოთებას იწვევს, მით უმეტეს, რომ ამ ფაქტებმა მასობრივი ხასიათი მიიღო.

რა თქმა უნდა, ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამაზე აქვს შესაბამისი რეაქცია. თურქეთის ელჩის დაბარება, ნოტის გადაცემა და სხვა. უნდა ითქვას ისიც, რომ თურქეთის ოფიციალური წრეები  არ აღიარებენ მსგავს კონტაქტებს. ისინი ამბობენ, რომ თუ მსგავსი ფაქტები ხდება, ეს მხოლოდ არაოფიციალურ დონეზეა და კერძო სტრუქტურების ინიცირებულია. ოფიციალური წრეები არავითარ წახალისებას არ ახდენენ და არ მიესალმებიან ასეთ სეპარატისტულ გარიგებებს. თურქეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, გვერდში უდგას ქართველ ხალხს და რომ ჩვენი მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა ამის დასტურია. რა თქმა უნდა, ოფიციალური მხარის ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და იმედის მომცემია. ამიტომაც, ბუნებრივია, ჩვენთვის გარდაუვალ აუცილებლობად იქცა თურქეთში ვიზიტი. თხოვნით მივმართეთ საგარეო საქმეთა სამინინისტროს, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის თურქეთში ოფიციალური ვიზიტის მოწყობის შესახებ. ჩვენმა საელჩომ თურქეთში მართლაც მაღალი დონის ვიზიტი მოამზადა, რისთვისაც მადლობას ვუხდით უწინარესად საგარეო საქმეთა სამინისტოს, ჩვენ ელჩს თურქეთში – ირაკლი კოპლატაძეს და მთელ დიპლომატიურ კორპუსს. უნდა აღვნიშნო  ისიც, რომ პრესა და ტელევიზია მთელი ჩვენი მოგზაურობის მანძილზე აქტიურად აშუქბდა ჩვენ ვიზიტს თურქეთში. ვრცელი ინტერვიუები აიღო ჩვენგან სააგენტო ,,ანადოლუმ“ და თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიამ (TRT). ასევე ძალიან ფართოდ შუქდებოდა ჩვენი სალჩოს მიერ ორგანიზებული  მიღება ელექტრონული და ბეჭდური მედიის მიერ თურქულ, ინგლისურ და ქართულ ენებზე. არ მინდა გამომრჩეს შეხვედრა აფხაზ საზოგადო მოღვაწესთან კანით კალესთან, რომლის ნამდვილი გვარია აჩბა. კანით კალე ანკარაში აფხაზური კულტურის ცენტრის დამფუძნებელია და აფხაზეთის საქართველოსთან სიტუაციის ნორმალიზციის, შეხვედრების მომხრეა. თავის დროზე ამ თემაზე მას აფხაზეთის ყველა დე-ფაქტო მმართველთანაც უსაუბრია.  ძალიან ველოდები რომ კანით კალე  არაპოლიტიკური მიზნით თბილისს ეწვევა და ჩვენ დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობა მოგვეცემა.

– რით იყო გამორჩეული თქვენი შეხვედრები და რა  შთაბეჭდილება შეგექმნათ, როცა უშუალოდ შეეხეთ იმ პრობლემებს, რომელიც პრინციპში თქვენი ვიზიტის მთავარი ამოცანა იყო?

ჩვენი შეხვედრები თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ეკონომიკის კოორდინაციის საბჭოში, თურქეთის პარლამენტში, პრემიერ მინისტრთან არსებულ მონათესავე ერებთან ურთიერთობის კომისიაში,  მრავალმხრივ იყო გამორჩეული. უწინარესად გავაცანით ჩვენი ხელისუფლება, ჩამოვუყალიბეთ რას განვაგებთ, რამდენი სკოლა გვაქვს, რამდენი თეატრი, სამედიცინო დაწესებულება, როგორ ვცხოვრობთ დევნილობაში 300 000 აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან ერთად. აღვნიშნეთ ისიც, რომ როდესაც თურქეთში იმართება, მაგალითად, სპორტული ღონისძიება, სადაც იწვევენ სოხუმის წარმომადგენელს და არ გვეპატიჟებიან ჩვენ, ეს უხერხულიცაა და არაკანონიერიც. ჩვენი წარდგენის პრეზენტაციას  მრავალრიცხოვან შეხვედრებზე, ჩვენი ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძე უძღვებოდა. თურქეთის ოფიციალური სტრუქტურებისთვის თვალნათლივ უნდა დაგვენახებინა, რომ თბილისში მოქმედებს დევნილი, კანონიერი აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება, რომლის ყოველი ნაბიჯი საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევის გააქტიურებისკენ არის მიმართული და საბოლოოდ ქართველებისა და აფხაზების  შერიგების, მათ შორის ნდობის აღდგენის საქმეს უკავშირდება. ძალიან საგულისხმო იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივ პოლიტიკურ საკითხთა გენერალური დირექტორატის შეფიქ ურალ ალთაის სიტყვა. მან თურქეთის სახელმწიფოს სახელით განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არასოდეს აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას და მის დე-ფაქტო ხელისუფლებას. მან სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ რუსეთში, კერძოდ სოჭში ჩასული თურქეთის მოქალაქეები, მათ შორის თანამდებობის პირები, გადადიან აფხაზეთში და ადგილობრივი დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ეს საზოგადოებას „ოფიციალურ ვიზიტად“ წარედგინება. იგივე ითქვა რუსული პასპორტებითა და არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით თურქეთში ჩამოსულ აფხაზ თანამდებობის პირებზეც. ჩვენი მასპინძლები ქართველებს მხოლოდ ძმებად, საქართველოს კი სტრატეგიულ მოკავშირედ მოიხსენიებდნენ და ახლო მომავალში მისი გამთლიანების იმედს გამოთქვამდნენ.

ჩვენთვის ძალიან მნშვნელოვანი იყო  დევნილების დასაქმების შესაძლებლობებზე ინფორმაციის გაცვლა ჩვენს მასპინძლებთან . ამ მხრივ ძალიან ნაყოფიერი იყო თურქეთის მთავრობასთან არსებული თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „ტიკაში“ შეხვედრა. თბილად მიგვიღო სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტმა მეჰმედ სურეიამ.  ჩვენ მათთან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს. მათი უშუალო დახმარებით გაიხსნა ვაზიანში ფეხსაცმელების სამკერვალო საამქრო, სადაც დევნილები დასაქმდნენ. ასევე ეხმარებიან ისინი ენგურსგამოღმა არსებულ ჯანდაცვის ობიექტებს. ახლა მიმდინარეობს სამედიცინო კლინიკის აღჭურვა კალაუბანში. სამომავლოდ უფრო მეტ მხარდაჭერას გვპირდებიან ამ კუთხით, გვაქვს ერთობლივი პროექტები, რომელთა გახმაურებასაც ახლა მოვერიდები.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის ოფისთან არსებული საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქთა და მონათესავე თემთა ადმინისტრაციის ვიცე -პრეზიდენტს  სერდარ გუნდოღანთან გამართულ შეხვედრაზე გულითადი საუბრის შემდეგ ვთხოვე მათ დახმარება, გალის რაიონიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტთა გარკვეულ ნაწილს თურქეთის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მისცემოდა. თურქულმა მხარემ მიიღო  ჩვენი წინადადებადა ამ საკითხზე მუშაობა თურქეთში ჩვენ საელჩოსთან  ერთად გაგრძელდება.

თურქეთის პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა – ჰუსეინ შაჰინმა, რომელიც გახლავთ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი,  შეხვედრა მოგვიწყო ინეგოლის რაიონში, სადაც განსაკუთრებით დიდია ქართული და აფხაზური დიასპორა – 30 ქართული და 5 აფხაზური სოფელია. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ქართული წარმოშობის ბიზნესმენებიც. ჩვენი დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ სოფლიოს მეურნეობისა და ეკონომიკური  საკითხების დეპარტამენტების ხელმძღვანელები – ვალერი ბასარია და გიორგი ეზუგბაია. მათ  მიეცათ ბიზნესმენებთან  საუბრისა და შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმების შესაძლებლობა.

სამწუხაროდ, ომის შემდეგ, აფხაზებსა და ქართველებს შორის თურქეთში ურთიერთობა ძალიან გაცივდა და ისინი ასეთ ღონისძიებებზე დასწრებას თავს არიდებენ. შეხვედრები გავმართეთ იმ რეგიონებში, რომლებიც ყველაზე მეტი აქტიურობით გამოირჩევიან სოხუმთან კონტაქტების დამყარების თვალსაზრისით და სადაც აფხაზების ყველაზე მჭიდრო დასახლებაა. ერთ-ერთი მსხვილი ვილაიეთის- საქარიის ხელმძღვანელი შეხვედრებზე იმყოფებოდა სოხუმში. საქარიის უნივერსიტეტში 80 000 სტუდენტი სწავლობს.  მისი ხელმძღვანელობაც  საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა სოხუმში.  ჩვენმა ელჩმა თავისი გამოსვლის დროს მათ აუხსნა, რომ ისინი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ. მათ აღიარეს წინდაუხედაობა, ბოდიშიც მოიხადეს და აღნიშნეს, რომ  არ იცოდნენ, საქართველოდან სოხუმამდე გზის არსებობის შესახებ. მათი თქმით,  ისინი შეცდომაში შეიყვანეს  და სოხუმში შესვლა სოჭი-ადლერის გზით მოუხდათ.

ჩვენმა ელჩმა საქარიის უნივერსიტეტის რექტორს ამ თემაზე საჯარო ლექციის ჩატარებაც შესთავაზა. იყო ასეთი წინადადებაც, რომ უნივერსიტეტში მოეწყოს კონფერენცია ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, კონფლიქტის საკითხებზე, მათი მოგვარების გზებზე, რაზეც წინააღმდეგობა არავის გაუწევია.

ერთ-ერთი უნივერსიტეტის რექტორმა  აღნიშნა, – დავაშავე აფხაზეთში თქვენი  ქვეყნის გვერდის ავლით რომ ვიმყოფებოდი და ხომ არ დამიჭერთ, თბილისში რომ ჩამოვიდეო. ბოლოს ისიც განაცხადა, აფხაზეთში სავალალო მდგომარეობა ვიხილე, იქ განვითარების კვალიც არ ჩანსო. ირაკლი კოპლატაძე პირდაპირ ეუბნებოდა გუბერნატორს, რექტორებს, რაიონების ხელმძღვანელებს, რომ მათი მოქმედებები ავნებდა ქართულ-თურქულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. სტამბოლის ადმინისტრაციის ერთ-ერთი რაიონის – ქართალის მერი, საკმაოდ მოქნილი პიროვნება, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს სოხუმთან; ის ოპოზიციური – ათათურქის პარტიის წარმომადგენელია. დამამხსოვრდა შეხვედრა  ჩერქეზული წარმოშობის 33 წლის ახალგაზრდა კაცთან, რომელსაც მოვლილი აქვს მთელი აფხაზეთი და აფხაზური პროპაგანდა სხეულში აქვს გამჯდარი. მან ყველაფერი იცოდა, ისიც, რომ მე ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილე ვარ და გვეკითხებოდა, რატომ არ ვაღიარებთ აფხაზეთს. ჩვენი დელეგაციის წევრმა ჯემალ გამახარიამ, უტყუარი ისტორიული და შეუვალი ფაქტებით მოუთხრო მას  ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მიზეზები, მისი განვითარების ეტაპები.  ვერ ვიტყვი, რომ ამ საუბარმა მასზე გავლენა არ მოახდინა. თუმცა ამ გამოსვლაში აშკარად იგრძნობოდა აფხაზების აგრესიული პროპაგანდის კვალი, რომელიც წლების მანძილზე დალექილა მის ცნობიერებაში. იმის თქმა მინდა, რომ თურქეთში ძალიან იგრძნობა ინფორმაციის დეფიციტი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, კონფლიქტის მიზეზებზე, დღევანდელი ეგრეთწოდებული აფხაზეთის ხელისუფლების გაუმართლებელ პოლიტიკაზე, ქართული კანონმდებლობის უგულებელყოფაზე, და მრავალ სხვა საკითხზე, რომელიც ნამდვილად არ ემსახურება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების და მოწესრიგების საკითხებს. ისიც უნდა ვთქვა, რომ ასეთი გულახდილი საუბრები ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა ყველასთვის. უწინარესად სიტუაციის შეფასების, სწორი ინფორმაციის მიღების და სამომავლოდ მოქმედების ახალი სტრატეგიის შემუშავების თვალსაზრისით.

არ შემიძლია არ  აღვნიშნო თურქეთის მხარის სერიოზული მუშაობა ქართულ-თურქული ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით.  მათ რამდენიმე უნივერსიტეტში შემოიღეს ქართული ენის სწავლება, რისი მიღწევაც ჯერ კიდევ 15-20 წლის წინ შეუძლებელი აღმოჩნდა. მაშინ, როცა ქართული ენის სწავლებას აფხაზეთში სოხუმი კრძალავს – გალის 11 ქართული სკოლის გარდა, აფხაზეთში არსად ქართული სკოლა აღარ არის. გალის შემთხვევას კი სოხუმში დიდ მიღწევად მიიჩნევენ, თუმცა, ბოლო დროს ამ სკოლებსაც შეექმნა სირთულეები. ეს ინფორმაცია თურქული მხარისთვის მოულდნელი აღმოჩნდა. შესანიშნავი, დამაჯერებელი და შინაარსიანი გამოსვლები ჰქონდათ ჩვენი დელეგაციის წევრებს – ადა მარშანიას, ჯემალ გამახარიას და სხვებს,  რაც ძალიან ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენდა.

– ამ ფაქტებმა რა დასკვნებამდე მიგიყვანათ. რა გეგმებს დასახავთ  სიტუაციის გასანეიტრალებლად?

ასეთ ფაქტებს იმიტომ გისახელებთ, რომ  ყველაფერს ადგილზე უნდა მუშაობა, ჩასვლა, ინფორმაციის მიღება. ამ შემთხვევაში აფხაზეთის ა/რ სტრუქტურებს ვგულისხმობ. მაგალითად,  ასეთი რთული ვითარების დროს  უნდა ჰყავდეს თუ არა აფხაზეთის ხელისუფლებას თავისი წარმომადგენელი თურქეთში? ჩვენ ამაზე სერიოზულად ვიფიქრებთ. ეს მეორე ფრონტი იქნებოდა საელჩოს შემდეგ, რომელიც ადგილზე იმუშავებდა ამ რთული ვითარების გამოსასწორებლად. გამონახავდა გზებს აფხაზურ დიასპორასთან ურთირთობის აღდგენისა და შერიგების თვალსაზრისით. იზრუნებდა საინფორმაციო-საგამომცემლო მუშაობაზე, რომელიც ადამიანებს სწორ გზაზე დააყენებდა და ჩვენი სიმართლე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდებოდა. შესაძლოა ეს არ იყოს პანაცეა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ცდა არ უნდა დავაკლოთ იმის კეთებას, რაც ჩვენს სახელმწიფოებრიობას არ დააზიანებს და ერთიანობას, ცნობიერების განმტკიცებას  ხელს შეუწყობს, მეგობრებს გვიმრავლებს და მტრებს  განაიარაღებს.

– თქვენ ოფიციალურ პირებს აუხსენით, რომ ისინი  საქართველოს კანონის გვერდის ავლით მოქმედებენროგორი იყო მათი რეაქცია, რა ზომებს მიიღებენ?

იმის თქმა, რომ ჩვენი ჩასვლის შემდეგ, თურქეთში რადიკალურად შეიცვლება ვითარება და საქართველოს გვერდის ავლით აფხაზეთში აღარავინ შევა, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, შეუძლებელია.  თუმცა, თურქული მხარისგან ჩვენ მივიღეთ მტკიცე რწმუნება, რომ აფხაზეთში საქართველოს გვერდის ავლით აღარავინ ჩავა.  ჩვენი დიასპორის წარმომდგენლებმა აღნიშნეს ისიც, რომ  აფხაზეთის მოვლენებთან დაკავშირებით თურქულ ენაზე ინფორმაცია ნაკლებად არის ხელმისაწვდომი. მოგეხსენებათ, ჩვენი, აფხაზეთის მთავრობის საიტი ოთხ ენაზეა – ქართულ, აფხაზურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. ვინაიდან  თურქეთში აფხაზური დიასპორა მძლავრობს, კარგი იქნება თუ საიტს თურქული ენაც დაემატება.  წეღან უკვე მოგიყვანეთ მაგალითები საით მივყავართ საინფორმაციო ვაკუუმს. ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო და ამ შეხვედრებმა კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა პრობლემების მოგვარების გზები სად უნდა მოვნახოთ.

– თუ ხვდებოდით ხშირად ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. როგორი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ თქვენზე?

პირადად ჩემზე ამ შეხვედრებმა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩვენი ელჩი ირაკლი კოპლატაძე მთელი მოგზაურობის მანძილზე ახერხებდა ქართული ჯგუფების ჩვენ ირგვლივ შემოკრებას. მათგან ისეთი სითბო მოდიოდა, რომ არ შეიძლებოდა ეს არ გეგრძნო. ისინი საკუთარ შვილებს ქართულ ენას, ქართულ სიმღერებს და ცეკვებს ასწავლიან. გულგრილად ვერ ვუყურებდით მათ კონცერტებს, სადაც ჟღერდა ქართული მუსიკა, სრულდებოდა ქართული დ აფხაზური სიმღერები და ცეკვები. ბავშვები ქართული ლექსების და ფოლკლორული ნიმუშების ცოდნით გვაოცებდნენ. ეს იყო ძალიან თბილი და სიყვარულით გაჟღენთილი შეხვედრები თურქეთის საქართველოსთან. ერთ-ერთმა მოზარდმა სტამბოლის ქართველთა სათვისტომოში „ვეფხისტყაოსანი“ ზეპირად წაგვიკითხა. ეს ხომ სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს, სამშობლოს სიყვარული.

– გაგრძელდება თუ არა ლეგიტიმური ხელისუფლების ოფიციალური  ვიზიტები სხვა ქვეყნებში?

როგორც უკვე აღვნიშნე, თურქეთში ვიზიტი ძალიან სასარგებლო და ნაყოფიერი გახლდათ. მახარებს ისიც, რომ კმაყოფილნი იყვნენ ორგანიზატორებიც. რა თქმა უნდა, ოფიციალური ვიზიტები უფრო მრავლის მომცველია, შინაარსიანი და საქმიანია, რაც მთავარია, აფართოვებს მეგობართა წრეს, რომელიც ასე გვჭირდება, რაც თურქეთში ვიზიტმაც ცხადყო.

ცოტა ხნის წინ ჩვენ გახლდით ჩეხეთის რესპუბლიკაში – იქ გავმართეთ შეხვედრები ჩეხეთის პარლამენტის წევრებთან, მინისტრებთან, სახელგანმთქმული კურორტის კარლოვი-ვარის მერთან. არაოფიციალური, თუმცა ვიზიტი რამდენიმე თვის წინ იტალიაშიც შედგა. ფლორენციაში შევხვდი ერთ-ერთ უძლიერეს ფონდ „დელ ბიანკოს“, რომელთანაც გავაფორმეთ ხელშეკრულება. მისი გამოძახილი კი ის გახლავთ, რომ სულ ახლახან ჩვენი დელეგაცია ფლორენციაში იმყოფებოდა. იქ გახლდათ ჩვენი შერიგების მინისტრის მოადგილე ქლბატონი ბელა კოპალიანი, ასევე უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ქლბატონი ადა მარშანია. ერთად იყვნენ ასევე ქართველი სტუდენტები, რომლებმაც წარადგინეს აფხაზეთის ქართულ კულტურულ მემკვიდრეობა. არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ შესაძლებელია, რომ ოფიციალური ვიზიტი მალე იტალიაშიც შედგეს. გარდა ამისა შესაბამისი სტრუქტურები სხვადასხვა ქვეყნებში მსგავს ვიზიტებზე მუშაობენ. განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც მოზღვავებულია სოხუმის აქტივობა. გვინდა სწორად გაგვიგონ, აქტიურობის წინააღმდეგი არავინაა. მაგრამ ყველამ უნდა გაიგოს, რომ ერთიანი საქართველოს ქოლგის ქვეშ ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ და ვიაქტიუროთ ქართველებმაც და აფხაზებმაც.

ასეთი ვიზიტების მთავარი მიზანი კი ის გახლავთ, რომ შევახსენოთ მსოფლიო საზოგადეობრიობას,  მოუგვარებელი კონფლიქტის პირობებში დევნილობაში მყოფ ადამიანებს  საკუთარ სახლებში ვერ დავაბრუნებთ და ვერც ღირსეულ მომავალს შევუქმნით.

ვფიქრობ, წლის ბოლომდე, რამდენიმე ქვეყანაში ჩვენი ერთი ან ორი ოფიციალური ვიზიტი შედგება, მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცეშიც, სადაც წარვდგებით როგორც აფხაზეთის ლეგიტიმური  ხელისუფლება, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ცნობს.

მიხეილ ჭაბუკაშვილი
Abkhazia News