აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

მთავრობის თავმჯდომარე - ინტერვიუები

2015-08-18
ვახტანგ ყოლბაია: „აფხაზებთან ომი თავიდან უნდა აგვეცილებინა“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია „ახალ თაობასთან" ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ საუბრობს

- ბატონო ვახტანგ, მოგეხსენებათ, აგვისტოს თვე არ არის ჩვეულებრივი, აგვისტოში დაიწყო ორი ომი, რომლებიც კატასტროფით დასრულდა საქართველოსთვის, რაც დრო გადის, ვითარება უფრო რთულდება, ოკუპაციას ანექსია მოსდევს. ამ გადასახედიდან ვითარებას როგორ შეაფასებთ?

- 23 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აფხაზეთში  ომი დაიწყო და აფხაზებისა და ქართველებისთვის ტრაგედიით დასრულდა. ეს ის ომია, რომელსაც გამარჯვებული არ ჰყავს. ეს ის ომია, რომელმაც შეიწირა უამრავი ადამიანი, სხვადასხვა მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული. ძირითადად, დაიღუპა საუკეთესო ნაწილი, რომელიც აფხაზებისა და ქართველების გენოფონდს წარმოადგენდა. ამ ომის სავალალო შედეგებს დღემდე ვიმკით. თითო-ოროლა ბიჭებს ვეძებთ სხვადასხვა ადგილებში, რომ მივაბაროთ მშობლიურ კუთხეს, თავის ქალაქს. ასე გავიდა 23 წელი.

- აფხაზები ამ საკითხს როგორ უყურებენ?

- იგივე დღეში არიან აფხაზებიც. არის სიტუაცია, როცა აფხაზები და ქართველები საერთო ენას  პოულობენ და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აფხაზი იქნება თუ ქართველი, იქ დაღუპულ ბიჭებს გაპატიოსნება სჭირდებათ. ესპანეთში არის აკლდამა მადრიდის მახლობლად, სადაც რესპუბლიკელები და ფრანკისტები ერთ აკლდამაში არიან დაკძალული. აკლდამას აქვს წარწერა, ისინი იბრძოდნენ თავისი სამშობლოსთვის. თელაველი ბიჭი თავისი სამშობლოსთვის იბრძოდა, ტამიშელი კაცი თავისი სამშობლოსთვის იბრძოდა. სამშობლოსათვის იბრძოდა ის ხალხი, რომელიც იქ დაიღუპა და საბოლოო ნავსაყუდელი იმ მიიწაზე იპოვა.

- ახლახან ომის დაწყების თარიღი გაიხსენეთ და ამ ომში დაღუპულებს პატივი მიაგეთ. ამ გადასახედიდან დასკვნები როგორია?

- ჩვენ ომის დაწყებიდან 23-ე წელი აქ აღვნიშნეთ და მივედით დასკვნამდე, რომ ომი არის საშინელება. ომის დაწყება ძალიან იოლია, დასრულება კი ის გადაულახავი ზღუდეა, რომლის შედეგადაც რჩება თაობათა გადასაწყვეტი საკითხი. ჩვენი ვალია (იმ თაობის ვალია, რომლის დროსაც მოხდა აფხაზეთის ომი, რომლის შუა ცეცხლში, ერთ-ერთი მონაწილე მეც ვიყავი) ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე უმტკივნეულოდ დავასრულოთ ეს კონფლიქტი, მაგრამ არა ვინმესთვის მომგებიანად, არამედ ქართველებისა და აფხაზების ერთობლივი ცხოვრების აუცილებლობის რწმენით.

- თქვენთვის თუ იყო ცნობილი ის გეგმა, სააკაშვილმა ახლახან გაამჟღავნა, რომელიც მათ რუსებს წარუდგინეს და, სავარაუდოდ, ითვალისწინებდა აფხაზეთის გაყოფას. შედეგად კი - რაღაც ნაწილზე ჩვენი კონტროლის აღდგენას, ხოლო ნაწილის რუსეთის კონტროლისთვის დაქვემდებარებას.

- პუტინს წარუდგინეს?!

- დიახ.

- მოგუდული ჭორის დონეზე ვიცი, რომ ამგვარ გეგმაზე საუბარი იყო, მაგრამ თუ არსებობდა ისეთი გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა რაღაც ტერიტორიების გაყოფას, ქაღალდზე დაწერილი არ წამიკითხავს. ამიტომ ზუსტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით.

- თქვენი აზრი ამგვარი გეგმების მიმართ როგორია?

- ეს საკითხი არ არის ერთი-ორი კაცის გადასაწყვეტი. ამისათვის საჭიროა საზოგადოებრივი აზრის მობილიზება. ერთი რამ უდავოა, იმ გზამ, რაც ჩვენ გავიარეთ 23 წლის განმავლობაში, დაბრუნებისა და გაერთიანების თვალსაზრისით, იქამდე მიგვიყვანა, საიდანაც ათვლა დავიწყეთ. ამიტომ საჭიროა უფრო გაბედული გადაწყვეტილებები.

- კერძოდ?

- მე თვითონაც არ ვარ ჩამოყალიბებული, მაგრამ არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღების დრო დადგა. რაც დრო გადის, აფხაზები და ქართველები მით უფრო ვშორდებით ერთმანეთს. რა არის აქ უფრო კარგი, ეს არის გასათვლელი. უნდა გავაანალიზოთ, რა სჯობს ქვეყნის გაერთიანებისთვის.

- თქვენ გულისტკივილით აღნიშნეთ, ჩვენმა თაობამ უნდა გააკეთოს თავისი გასაკეთებელიო. მგონი, თქვენი თაობისთვის ძალიან ძნელია ამ პროცესის შემობრუნება.

- ჩვენმა თაობამ ვერ აიცილა თავიდან საზარელი ომი, სამწუხაროდ, ვერც ქართველებში და ვერც აფხაზებში ვერ მოიძებნა საკმარისი რაოდენობით გონიერი ხალხი, რომლებსაც შეეძლოთ, პასუხისმგებლობა აეღოთ ომის გაჩერებაზე. მცდელობა იყო, მაგრამ მათი ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ ომის დაწყება თავიდან აგვეცილებინა.

- რთული დრო იყო და შედეგების განსაზღვრაც ძნელი გახლდათ.

- ჩვენ არ გვქონდა დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილება, დღეს სხვანაირად მოვიქცეოდით. დღეს ჩვენს თაობას შეუძლია უფრო მეტი პრაგმატიზმი შეიტანოს ამ საკითხში. მეტად დაფიქრდეს და ისე განსაზღვროს სამომავლო ამოცანები. თანამედროვე ახალგაზრდა პოლიტიკოსები ცოტა სხვანაირად ხედავენ მოვლენების განვითარების გზებს.

- მაინც როგორ ხედავენ?

- ხედავენ ისე, როგორც ამ პერიოდს შეესაბამება. დღეს არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ დასავლეთის განწყობა ჩვენდამი, არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირება, არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ კონიუნქტურა, რომელიც მსოფლიო პოლიტიკურ არენაზეა. დიდი პოლიტიკოსობა და შორსმჭვრეტელობა სწორედ ისაა, ამ ორ დაპირისპირებულ ძალას შორის მოვნახოთ ჩვენი ადგილი და მეტი სარგებელი მივიღოთ.

- კონფლიქტის ზონებში ახალი პრობლემები ჩნდება. ის ქონება, რომელიც ზოგადად საქართველოს სახელმწიფოს, ქართველებსა და აფხაზებს ეკუთვნით, საბჭოთა დროის დანატოვარიცაა, ის მემკვიდრეობა, რაც დაგვრჩა აფხაზეთში, მათ შორის მიწა და შენობა-ნაგებობები, უნდა გაიყიდოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. ქართულმა მხარემ ამასთან დაკავშირებით პრეტენზია არ უნდა განაცხადოს?

- ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში იქნება, ალბათ, რეაქცია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. თავის დროზე საქართველოს პარლამენტმა ბათილად ცნო ყველა ის იურიდიული აქტი, რომელიც მიიღება აფხაზეთში საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისა და საქართელოს პარლამენტის თანხმობის გარეშე. თუმცა, ერთია შენი სურვილი და მეორეა, რა რეალობასთან გვაქვს საქმე. თუ კონფლიქტი მოუგვარებელი დარჩა, ჩვენი გადაწყვეტილება ამაო იქნება და შეიძლება არავითარი ანგარიშგასაწევი ძალა არ ჰქონდეს, ამიტომ ბევრჯერ უნდა შევახსენოთ მსოფლიო საზოგადოებას, რომ აფხაზეთში ნაყიდი ქონება არ იქნება სამართლებივად მყარი.

- ამას წინათ გაეროში ჩვენმა ელჩმა განცხადება გააკეთა ცხინვალთან დაკავშირებით. თუ არის შესაძლებელი, გაეროში ამგვარი განცხადება აფხაზეთში ქონების გასხვისების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაკეთდეს?

- მომზადება უნდა, თორემ შეუძლებელი არაფერია. ამ პროცესში უნდა განსაზღვრო, ვინ იქნება შენი მომხრე. უნდა იმუშაო მხარდამჭერ ქვეყნებთან, რომ მათი მეშვეობით მოხდეს ამ საკითხის გახმოვანება.

- მოგეხსენებათ, სააკაშვილის დროს ერთი კარგი პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტს ერქვა „აფხაზეთი ჩემი სახლია", თუმცა, შემდეგ შეჩერდა. ინტერნეტით იზომებოდა და ინიშნებოდა თითოეული ქართველის იქ დარჩენილი ქონება. აღნიშნული პროექტის გაცოცხლება ან ამგვარი პროექტის ხელახალი შექმნა და ქონებრივი დავის აღძვრა სტრასბურგის სასამართლოში, საქართველოს სახელმწიფოს რაიმე გეგმაში თუ შედის?

- „აფხაზეთის ჩემი სახლია" ცუდი პროექტი არ იყო, მაგრამ შუა გზაში შეჩერდა ისევ სააკაშვილის დროს. არ ეყოთ ძალა და ნებისყოფა, რომ პროექტი ბოლომდე განეხორციელებინათ. ამ პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერა მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან უნდა გვქონდეს, კოლექტიური ან ინდივიდუალური სარჩელი რომ შეიტანო მოწინააღმდეგე მხარის მიმართ შენი ქონების ფლობის უფლების შეზღუდვის გამო და გახდეს სამართლის მსჯელობის საგანი.

- საერთაშორისო სარბიელზე მეგობარი სახელმწიფოები ხომ გვყავს? იგივე ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა ხომ შეგვიძლია გამოვიყენოთ?

- გამოსაყენებელია ყველა ხერხი. არძინბამაც კი გაუძლო ამ ცდუნებას. რუსებმა ვერ მიაღებინეს ისეთი კანონი, რომ ქონების ყიდვა-გაყიდვა თავისუფალი ყოფილიყო, რასაც შეეწირა ბაღაფშიც. ვერ ვამტკიცებ, მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, ბაღაფში ამიტომ მოკლეს. ამ საკითხის გამო პრობლემები ჰქონდა ანქვაბსაც. რამდენჯერმე გადაურჩა ტერაქტს, მაგრამ შემდეგ მოუწყვეს ის, რაც მოუწყვეს. ხაჯიმბა იყო ერთადერთი იმის გამკეთებელი, რაც არძინბამაც კი არ გააკეთა. ხაჯიმბას ამაზე პასუხს საკუთარი ხალხი მოსთხოვს. ჯერ მას გაცნობიერებული არ აქვს, რა ხდება და რასთან გვაქვს საქმე.

გულიკო ბალაძე
გაზეთი „ახალი თაობა"
18.08.2015