აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

მთავრობის თავმჯდომარე - ინტერვიუები

2014-08-20
ვახტანგ ყოლბაია: „ვინც კარგად ვერ გაიგო, იმათ გასგონად მინდა ვთქვა – აფხაზეთის სტრუქტურების თბილისში ფუნქციონირება უწინარესად პოლიტიკური საკითხია, რომელიც აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნას მთელ მსოფლიოს ახსენებს“

ოკუპირებულ აფხაზეთში მალე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც გალის მოსახლეობას დე ფაქტო ადმინისტრაციამ მონაწილეობის მიღება აუკრძალა. ვრცელდება ხმები იმის შესახებაც,  თითქოს  გალელებს არჩევნების შემდეგ აფხაზეთიდან გასახლებაც ემუქრებათ. ამ და სხვა საკითხების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ „აფხაზიანიუსთან" ინტერვიუს დროს ისაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, 14 აგვისტოს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 22 წელი შესრულდა. არანაკლები ტრაგედია დატრიალდა 2008 წლის აგვისტოშიც. საინტერესოა თქვენი შეფასება, რა კვალი დატოვა ამ ავბედითმა მოვლენამ საქართველოში არსებული კონფლიქტების, განსაკუთრებით ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით?

- 2008 წლის აგვისტოს ომმა ფაქტობრივად ჩიხში შეიყვანა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების პროცესი. თითქმის გაანადგურა ის მოედანი, სადაც ქართველები და აფხაზები ერთად ბჭობდნენ, კამათობდნენ, განიხილავდნენ კონფლიქტის მოწესრიგების ურთულეს თემებს. 2008 წლის ომი არის ყველაზე მძიმე და უპატიებელი შეცდომა, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაუშვა. ეს შეცდომები საბედიწერო იყო ყველა თვალსაზრისით: პოლიტიკური, ეკონომიკური, მორალური,სოციალური, ჰუმანური. ეს გახლდთ, თუ გნებავთ ჰუმინატარული კატასტროფა, რომლის შედეგებსაც ახლაც და კიდევ მრავალი წელი მოვიმკით. ვეთანხმები იმას, რომ ბოლომდე უნდა გამოვიძიოთ სამაჩაბლოს ომის ინსპირირება, მისი რეალური და არა ყურით მოთრეული მიზეზები. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს. უნდა დამთავრდეს საქართველოში იარაღის ჟღარუნი, ომის ენაზე მოწინააღმდეგესთან საუბარი. აფხაზეთის ომი და მისი შედეგები მაგალითად გამოდგებოდა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის. სამწუხაროდ, სააკაშვილმა აქედან ვერავითარი დასკვნა ვერ გააკეთა. ომის გაჩაღებაში და პროვოკაციებში დახელოვნებულ რუსეთს სააკაშვილის ხელისუფლებამ, ყალბი ბაქიბუქის გარდა ვერაფერი დაუპირისპირა. საკუთარი პატივმოყვარეობის ჟინით და განდიდების სურვილით შეპყრობილი, დაუფიქრებლად ჩაერთო ომში, რომელიც კიდევ ერთხელ და კიდევ მერამდენედ სავალალოდ დამთავრდა საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის. რადაც უნდა დაგვიჯდეს, მოლაპარაკების გზით პროცესი ქართველებისთვისაც და აფხაზებისთვისაც თანაბრად სასარგებლოდ უნდა მოგვარდეს. ეს რთულია, ზოგჯერ შეუძლებლადაც გვეჩვენება, მაგრამ წვეთი ქვას ხვრეტს. არ უნდა მოგვბეზრდეს მშვიდობის ენაზე საუბარი. ჩვენი თანამოძმეები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში უნდა დარწმუნდნენ, რომ საქართველოდან მათ არავითარი სამხედრო საფრთხე არ ელით.

ოკუპირებული აფხაზეთი ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. თუ გაქვთ ინფორმაცია, რა ხდება ამჟამად იქ? როგორი განწყობაა? შეიცვლება რამე უკეთესობის მხრივ?

- დაკვირვებული ადამიანი, ვინც აფხაზეთში ე. წ. წინასაარჩევნო პროცესს თვალყურს ადევნებს, კარგად დაინახავს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატები: ძიაფშიპა, ქიშმარია, ხაჯიმბა და ბჟანია ძირითადად საუბრობენ რუსეთთან ინტეგრაციის პროცესის გაძლიერებასა და გაღრმავებაზე. ნაკლებად განიხილავენ ამომრჩეველთან აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების საკითხებს, ჩასატარებელ რეფორმებს, სამომავლო პროექტებს. რატომ? სოხუმში თვლიან, რომ აფხაზეთის ეკონომიკის პრიორიტეტები რუსეთის ეკონომიკურ ვერტიკალზე გადის და მთლიანად მას უნდა დაექვემდებაროს. რუსეთი უნდა განაგებდეს ყველაფერს, რუსეთის ბიუჯეტიდან უნდა იკვებებოდეს აფხაზეთი, მისი მოსახლეობა, უწინარესად კი თავად დე ფაქტო ხელისუფლება. ვფიქრობ, რომ ასეთი სულისკვეთება დამღუპველი თუ არა აბსოლუტურად უსარგებლოა აფხაზეთისთვის. ამ მხარეს ეკონომიკის განვითარების შესანიშნავი პერსპექტივა აქვს. აფხაზეთს გამოაცოცხლებდა სოფლის მეუნეობის დარგების რეფორმირება, ტურისტული ინფრასტრუქტურის ახალ სტანდარტებზე გადაყვანა, კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო პოტენციალის გააქტიურება. დღეს და ხვალ შეიძლება უშრომველად, უზრუნველად მოგეცეს ყველაფერი, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ცხოვრებას მკვეთრი შემოტრიალება ახასიათებს. თუ ისე მოხდა, რომ პოლიტიკური ნიავი სხვა მხრიდან დაუბერავს, მოსახლეობა მშრალზე აღმოჩნდება და დაინახავს, რომ ოქრო, რომელსაც ფლობდა მტვრად ქცეულა და მისი დაბრუნება აღარავის ძალუძს. ვეღარაფერი იხსნის ჩამორჩენილ სოფლის მეურნეობას, მეთამბაქოეობის დარგს, ტურისტულ ბიზნესს, განადგურებულ ინფრასტრუქტურას. კვლავ მინდა გავიმეორო, რომ აფხაზეთის მხოლოდ რუსეთზე ჩამოკიდება, გამუდმებით რუსეთთან ინტეგრაციაზე აქცენტის გაკეთება და ქვეყნის პრიორიტეტად აღიარება, არაგონივრულია.

 სოხუმის მიერ დაბეჭდილი პასპორტებით ახალგაზრდობის ჩაკეტვა საკუთარ სივრცეში ნიშნავს იმას, რომ მომავალ თაობას განვითარების საშუალება არ მისცე. ისინი ხომ ჯერ-ჯერობით იმედის თვალით უყურებენ მომავალს. მუდმივი აპელირება იმაზე, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის შვილები ხართ, რეალური შედეგების მომტანი ვერ იქნება. სეპარატიზმს და დამოუკიდებლობას ერთმანეთთან არავითარი კავშირი არა აქვს, გვერდი-გვერდ არსებობა მათ არ უწერიათ. ასეთი პოლიტიკური ილუზიებით კი აფხაზ ახალგაზრდობას დიდხანს ვერ „გაართობ". მათ სურთ განვითარება, ევროპული განათლების მიღება, საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა, დასავლური სტანდარტების ათვისება. ამიტომაც არის დამღუპველი ის იზოლაცია, რომელშიც ახლა აფხაზეთი იმყოფება. დღეს მთელი მსოფლიო გახსნილია. იმდენად რთული ეპოქაა, რომ ქვეყნები ცალ-ცალკე ვერ უმკლადებიან გასაჭირს, ვერც მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს, ვერც ეკოლოგიურ კატასტროფებს, ვერც სეპარატიზმის პრობლემას, პოლიტიკურ ქარტეხილებს, სამოქალაქო ომებსა თუ ბირთვულ საფრთხეებს. მსოფლიო დღეს სერიოზული კრიზისის წინაშეა. ამას უკრაინის მაგალითიც ადასტურებს. ამიტომ, კონსოლიდაცია, ღია მსოფლიო, მშვიდობისკენ ლტოლვა, შეიძლება იქცეს გარკვეული წარმატების წინაპირობად. ყველა ქვეყანა ცდილობს ახალი მსოფლიო წესრიგის პირობებში თავისი ადგილის მოპოვებას. ეს პირობები კი მკაცრია და დაუნდობელი. როგორი იქნება დემოკრატიული ბალანსი ამ რეალობაში, ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ დემოკრატიის გზაზე სიარული, ამ ფასეულობების გაზიარება და დამკვიდრება საკუთარ ქვეყანაში, აუცილებელია.

როგორ გადაწყდება გალის მოსახლეობის საკითხი ე. წ. აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით?

- გალის თემა აფხაზეთის სინამდვილეში დაახლოებით ასეთია: - 1995 წლიდან მოყოლებული, გალელებს მონაწილეობა აქვთ მიღებული ყველა არჩევნებში, რომლებიც დანარჩენ სამყაროს არასდროს უღიარებია. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, მას არასოდეს უთქვამს გალელებისთვის ბოიკოტი გამოაცხადეთ, არ გაბედოთ აფხაზეთის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაო. ჩვენ გვსურდა, ადგილობრივი მოსახლეობა რაც შეიძლება სწრაფად ინტეგრირებულიყო აფხაზ მოსახლეობასთან. ინტეგრირებული, განვითარებული აფხაზეთი ხომ პირველ რიგში საქართველოსათვის იყო მისაღები. გალელების როლი აფხაზეთის ეკონომიკის, კულტურის თვითმყოფადობის განვითარებაში უნდა ყოფილიყო ისეთივე წონადი, როგორც ეს იყო ბოლო წლების განმავლობაში. არჩევნებში გალელები თავის სიტყვას ამბობდნენ, პრაქტიკულად გავლენას ახდენდნენ საბოლოო შედეგებზე, განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნების დროს. რაც შეეხება ბოლო დროს გაჩაღებულ კამპანიას, რომელიც გალელების წინააღმდეგ მუშაობს, არავითარი გამართლება არა აქვს. რა თქმა უნდა, არც აფხაზ, თუნდაც ექსტრემისტულად განწყობილ პოლიტიკურ ისტემბლიშმენტს ასეთი პოლიტიკა სიკეთეს არ მოუტანს. ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ მსოფლიოში მიღებული ნორმების, საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დარღვევა, დღეს თუ არა ხვალ იჩენს თავს და უკან ბუმერანგივით მათვე დაუბრუნდებათ. ბაგაფშისა და ანქვაბის დროს, წამოწეული იყო გალის მოსახლეობის სოციალური საკითხები, კომუნიკაციის, გზების პრობლემები, აფხაზეთის ხელისუფლება ამას თავისი მოსახლეობის სოციალურ პრობლემებად განიხილავდა. გარდა ამისა, გალის მოსახლეობის მიმართ რაღაც მოვალეობასაც გრძნობდნენ და ხმების რაოდენობასაც ანგარიშს უწევდნენ. ახლა სხვაგვარად უყურებენ მოვლენებს. გალის მოსახლეობას არჩევნების უფლებას ართმევენ, რომელიც ჩვენ მიერ არც ახლა იქნება აღიარებული და არც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ასეთი განწყობა აღვივებს, ნიჰილიზმს, ხელჩაქნეულობას, ქმნის ნერვულ ატმოსფეროს. ბუნებრივია გალში მცხოვრები მშრომელი მოსახლეობა ფიქრობს ყველაფერი წყალში ხომ არ ჩაიყრება? აზრი აქვს რაიმე ღირებულის შექმნას, თუ ერთ მშვენიერ დღეს გალიდან ფეხს ამოგვაკვეთინებენ. ამ ინტერვიუს შემდეგაც, დარწუმენბული ვარ, არაფერი შეიცველბა ექსტრემისტულად განწყობილ წრეებში. გული მწყდება, რომ ძველი განწყობა გალის მოსახლეობისადმი ასე ერთბაშად, ფეხქვეშ გაითელა ვიღაცის კაპრიზის გამო, რომელსაც ეშინოდა, რომ გამარჯვებას სხვაგვარად ვერ მოიპოვებდა. ეს გადაწყვეტილება ერთბაშად მიაღებინეს პარლამენტს რადიკალურმა დაჯგუფებებმა, რომელთაც აფხაზეთის სიკეთისთვის და მისი მომავლისთვის თითი თითზე არ დაუკარებიათ. არადა, კარგად ვიცი, რომ აფხაზეთში განწყობა არ არის მთლად ისეთი რადიკალური, როგორიც ზოგიერთს აქვს წარმოდგენილი. სამწუხარო ისაა, რომ ამას წინ ვერავინ აღუდგა. თუ გალელების თხილი, ციტრუსი კარგია, გალელების მოწველილი ძროხიდან მიღებული ყველი და რძე საუკეთესოა, გალელების ხმებიც არჩევნებში ვნებას ნამდვილად არავის მოუტანდა.

ახალი ე. წ. პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, გალელებისთვის რამე შეიცვლება? საუბრობდნენ იმაზეც, რომ დაგეგმილია გალის ქართული მოსახლეობის გასახლება...

- მიუხედავად იმისა, რომ ასეთი განწყობაა, დარწმუნებული ვარ, ვინც უნდა გახდეს დე ფაქტო აფხაზეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ის მაინც შეეცდება გალელი მოსახლეობისთვის ანგარიშის გაწევას. როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ გალელებმა უარი უნდა თქვან საქართველოს მოქალაქეობქზე აფხაზური პასპორტების სასარგებლოდ, გაუგებარია, რა მექნიზმით აპირებენ ამის დმტკიცებას და შემოწმებას ესეც საეჭვოა. ვერაფერი ნუგეშია გალელებისთვის აფხაზეთის ადმინისტრაციის მიერ იმით თავის მოწონება, ხომ გექნებათ ბინადრობის მოწმობა, განა ეს საკმარისი არ არისო. ასეთი მიდგომა ადამიანთა დამცირებაა, ღირსების შელახვაა. ასეთი მოქმედება პოლიტიკურად გაუმართლებელია, არაჰუმანურია, პრაგმატული თვალსაზრისით კი სრულიად არამომგებიანი. ახლა რაც ხდება, ჭიქაში ქარიშხლის ატეხვას უფრო წააგავს. ამიტომაც არ მჯერა, რომ ახალი ადმინისტრაცია, მაშინვე ხელაღებით დაიწყებს გალელების გამოდევნას, ეს დაუჯერებელია.

 როგორც უნდა იყოს, აფხაზეთი ცდილობს საერთაშორისო საზოგადოების დაინტერესებას, ინვესტიციების მოზიდვას სხვდასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის. თუ ამ მზაკვრულ გეგმას, რომელზეც ლაპარაკობენ, სისრულეში მოიყვანენ, არავინ დათანახმდება იქ რაიმე ინვესტიციის ჩადებას, როცა ამ ფორმით ადამიანის უფლებების სრულ უგულებელყოფასთან და მათი უფლებების ფეხქვეშ გათელვასთან გვაქვს საქმე. ამიტომაც, არა მგონია ყველაფერი ასეთი ცუდი სცენარით განვითარდეს. გაივლის დრო, ვნებები დაცხრება, მავანნი თავიანთ შეცდომებს გააანალიზებენ და შეეცდებიან გალში უფრო მისაღები, ადამიანური მმართველობის შემოღებას. ჩვენ კი ყველა საშუალებით შევეცდებით , რამდენადაც ეს შესაძლებელია, პროცესები პოზიტიურ კალაპოტში გადავიყვანოთ.

არ შემიძლია, უკრაინასთან დაკავშირებით არ გკითხოთ. ყველა ვხედავთ, რა ხდება ამ ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში. რუსეთიდან დაიძრა ე. წ. ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებაში ბევრ კითხვებს ბადებს. ხომ არ წააგავს ეს ყოველივე თავის დროზე აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს?

- უკრაინაში ბოლოს აგორებული რუსეთის ჰუმანიტარული ტვირთის თემა მაგონებს ტყვარჩელში რუსების მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარულ ტვირთის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. მაშინ ქართველების ნაწილმა ამ წინადადებას მხარი დაუჭირა, ყოველგვარი შემოწმების გარეშე ტყვარჩელში ჩაიყვანეს რამდენიმე მანქანა, რომლებშიც შემდეგ ტყვია-წმალი და შეიარაღება აღმოჩნდა. იმის თქმა მინდა, რომ ბევრი მომენტი, რომელიც უკრაინაში ხდება, მეორდება აფხაზეთის სცენარის მსგავსად. იგივე ხდებოდა ყირიმში პასპორტების გაცემასთან დაკავშირებითაც. 2002 წელს აფხაზეთში პასპოტიზაციასთან დაკავშირებით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სწორედ ჩვენ ავტეხეთ განგაში. იმ დროს დუმის თავმჯდომარე სელეზნიოვი გახლდათ, რომელსაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე თავის მართლება მოუწია ამ საკითხთან დაკავშირებით. მახსოვს, ადა მარშანია გამოვიდა სიტყვით, საკმაოდ არგუმენტირებული გამოსვლა ჰქონდა, მაგრამ მაშინ საერთაშორისო საზოგადოებამ ეს ფაქტი უყურადღებოდ დატოვა. დღეს კი იგივე უკრაინაში მეორდება. თავის დროზე რეაგირება რომ მოეხდინათ ჩვენს მეგობრებს პასპორტიზაციის თემაზე აფხაზეთში, შეიძლებოდა აღმოსავლეთ უკრაინას ეს პრობლემა აღარ ჰქონოდა. უკრაინა გრანდიოზული ევროპული ქვეყანაა უზარმაზარი ადამიანური და ეკონომიკური რესურსებით. იქ უკვე გაჩაღებულია სამოქალქო ომი, რომელიც მსოფლიოს ძალისხმევით უნდა შეჩერდეს. უნდა გამოინახოს გონივრული გზები უკრაინის კრიზისის გადასაჭრელად. ვფიქრობ, პოლიტიკურმა წრეებმა, გავლენიანმა სახელმწიფოებმა, იმათ, ვის ხელშიცაა დღეს მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნება, უნდა შეძლონ ამ საშინელების შეჩერება.

ბოლო დროს ბევრი მითქმა-მოთქმაა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის, როგორც ინსტიტუციის მიმართ. პრესაში იმის განხილვაც აქტიურად მიმდინარეობს, რომ ამ უწყების არსებობის საკითხი გადასახედია...

- რაც შეეხება ზოგიერთ გამონათქვამს, რაც პრესაში იყო, მხედველობაში მაქვს ჟურნალ „ლიბერალში" ერთ-ერთი ამონარიდი, სადაც წერენ, რომ სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაში ხელისუფლებას ბევრი რამის გადაფასება მოუხდება. უნდა გადაწყდეს ავტონომიური რესპუბლიკის ინსტიტუტების ლეგიტიმურობის თუ ძირეულად გადახალისების საკითხი. ცოტა არ იყოს, გაუგებარია, რას ნიშნავს ძირეული გადახალისება, ბევრი რამის გადახედვა. არც იმის თქმა ერიდებათ, რომ ამ ინსტიტუტების გაუქმება თურმე დევნილ მოსახლეობაში ბევრს გულს არ დაწყვეტს. ეს ისე ხომ არაა, სააკაშვილის ხელისუფლებამ ხელის ერთი მოსმით რომ გააქრო საქართველოს პარლამენტიდან აფხაზეთის დეპუტაცია. რატომ? რათა ეპარპაშათ, როგორც მათ სურდათ ისე, მიეღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც საზიანო იყო ყველასთვის. კარგად იცოდნენ, რომ აფხაზეთის დეპუტაცია აუცილებლად გაუწევდა წინააღმდეგობას აფხაზეთის სტრუქტურების ლიკვიდაციას, სამაჩაბლოში ომის დაწყებას, სხვა სპეციალური შეღავათების გაუქმებას მეომრებისათვის, დევნილებისათვის. სწორედ ამიტომაც, უაპელაციოდ მოისროლეს ეს დეპუტაცია პარლამენტიდან. იგივე იქნება ამ შემთხვევაშიც. რას ლამობს „ლიბერალი", რომ აფხაზეთის სტრუქტურის დაშლით დევნილები და ხელისუფლება პირისპირ დააჯახოს ერთმანეთს და ამას დაძაბულობა მოჰყვეს. მთავარი მიზანი აქ იმალება. დანარჩენი დეტალებია. მაგრამ, როგორც იტყვიან, ეშმაკი სწორედ დეტალებშია მიმალული. ვის სჭირდება ეს? რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს. დღევანდელ ხელისუფლებას ყველა საშუალებით უნდა შეუქმნან პრობლემები, დისკომფორტი იმ გზაზე, რასაც ჰქვია კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, მეზობლებთან დაუძაბავი ურთიერთობის ჩამოყალიბება. „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები რაღაც შეკრებებზე დადიან , აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე „ფიქრობენ" და თურმე „ძალიან წუხან" ამ საკითხებზე. მაგრამ ამ სიყალბით ვერავის ვეღარ მოატყუებენ. ეს თეთრი ძაფით ნაკერია. ქვეყანა ჩალით არ არის დახურული. ყველამ ყველაფერი იცის. თუ ვინმეს თანამდებობის დაკავება უნდა და სადმე მოკალათება, ეს სხვა ამბავია. ვინც კარგად ვერ გაიგო, იმათ გასგონად მინდა ვთქვა. ჩვენი უწყებების დატოვება და მათი ფუნქციონირება უწინარესად პოლიტიკური საკითხია, რომელიც აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნას მთელ მსოფლიოს ახსენებს. ჩვენი ფუნქციონირება იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთი თავის მოსახლეობასთან ერთად არსებობს საქართველოსთვის და მუდამ იარსებებს. საქართველოს ხელისუფლება თავად გადაწყვეტს, როგორი მიმართულება უნდა მისცეს ჩვენს უწყებებს, როგორ უნდა გამოიყენოს მათი პოტენციალი. ხოლო იმათ, ვისაც სურს რაღაც ადგილების მოპოვება და იქ მოკალათება, ვურჩევ, თავიანთი ძალები ორი წლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში მოსინჯონ, იქნებ რაიმე გამოუვიდეთ. ოღონდ არა აფხაზეთის სტრუქტურების, არა საქართველოს ერთიანობის და არა დევნილების პრობლემების ხარჯზე.

როგორი ურთიერთობა აქვს ამჟამად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლებასთან? დევნილთა პრობლემების მოგვარებას ალბათ მთლიანად თქვენი ძალებით ვერ შესძლებთ.

- ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ცენტრალურ ხელისუფლებასთან. რამდენიმე ხნის წინ მე და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვზავა შევხვდით პრემიერ-მინისტრს, ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე. ამ დღეებში შეხვედრები გვქონდა დევნილთა და განსახლების მინისტრ ბატონ სოზარ სუბართან. მან თავისი მოადგილეების თანხლებით მოგვაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება, რა პერსპექტივებია დევნილთა სოციალური პირობების გაუმჯობესების საკითხებში. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა პირადად სოზარ სუბარს ამ შეხვედრისთვის. ასეთივე ფორმატით შეხვედრებს ვაპირებთ სხვა სამინისტროებთანაც; უკვე გვქონდა შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრთან. შეხვედრა გვექნება თბილისის საკრებულოსთანაც. გვინდა ასეთივე შეხვედრა ქალაქის მერ დავით ნარმანიასთანაც შედგეს. აფხაზეთის მთავრობას მასთან ურთიერთობის ძალიან პოზიტიური გამოცდილება აქვს ჯერ კიდევ მისი მინისტრად მუშაობის პერიოდში. მოგეხსენებათ, თბილისში ძალიან ბევრი კომპაქტურად ჩასახლებული დევნილია, ისევე, როგორც კერძო სექტორში, რომელთაც ძალიან ბევრი პრობლემა აწუხებთ, რაც არც ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციაა, არც დევნილთა სამინისტროსიდა არც მერიის. საკითხებს კი სწრაფი რეაგირება და მოგვარება სჭირდება. ძალიან მინდა დევნილმა მოსახლეობამ გაიაზროს, რომ 20013-2014 წლებში ხელისუფლებამ ძალიან დიდი ტემპი აიღო დევნილთათვის ბინების გადაცემის საკითხში. არის ხარვეზებიც, მაგრამ ასეთი ტემპი მანამდე არასოდეს ყოფილა. ეს ძალიან გვაიმედებს ჩვენც და დევნილ მოსახლეობასაც.

რამდენიმე დღის წინ, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ განაცხადა დევნილთათვის უფასო სამედიცინო-დიაგნოსტიკური გამოკვლევების პროექტის დაწყების შესახებ, რომელსაც თქვენი მთავრობა თითქმის ერთი წელია, უკვე ახორციელებს. თუ შეიძლება, გაგვიმხილეთ, კიდევ უნდა ველოდოთ რაიმე ნოვაციას აფხაზეთის მთავრობის მხრიდან? რომელიც შესაძლოა, შემდეგში ასევე მისაბაძი აღმოჩნდეს ცენტრალური მთავრობისათვის.

- ეს ძალიან კარგი ინიციატივიაა, რომლისათვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ ორივე სამინისტროს მესევეურებსა და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს. წელს ჩვენ სხვადასხვა რეგიონში 8 გამოკვლევა ჩავატარეთ, პრაქტიკულად ყველა რეგიონში აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის გარდა. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ეს აქცია ძალიან ეფექტიანია. იმედია მოვახერხებთ და მომავალ ბიუჯეტში უფრო მეტ თანხებს გამოვყოფთ წამლების ხარჯებისთვის, რაც ძალიან სერიოზული დახმარება იქნება მოსახლეობისთვის. მივესალმები ყველა ინიციატივას, რომელიც დევნილთა პრობლემების მოგვარებას შეეხება. ვსარგებლობ სიტუაციით და მადლობა მინდა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს ჩვენ მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისათვის. ამასვე გრძნობს აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობაც, რომელიც ძალიან კარგად არის განწყობილი ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს და მისი სტრუქტურების მიმართ.

 

ირაკლი თორია
 „
აფხაზიანიუსი"