აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის რკინიგზა - მოვლენების განვითარების შესაძლო ვარიანტები

  აფხაზეთის მონაკვეთზე რკინიგზის აღდგენის და რუსეთ-სომხეთის სარკინიგზო ტრანზიტის განახლების საკითხი უკვე მერამდენედ ხდება აქტუალური. თემის აქტუალიზაციას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მიზეზები და  არც ერთი მათგანი არ უნდა  დარჩეს თვალთახედვის მიღმა.

  შესაძლებელია ეს იყოს აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატის ასლან  ბჟანიას საარჩევნო კამპანიის  ნაწილი. ამ უკანასკნელს ზურგს უმაგრებს აფხაზური პარტია ,,ამცახარა''. რკინიგზის აღდგენაზე საუბრის დაწყებით ბჟანია მოსახლეობას სოციალურ-ეკონომიკური  პრობლემების მოგვარებას და სატრანზიტო გადასახადების  სახით მიღებულ შემოსავლებს ჰპირდება. Aრკინიგზის აღდგენა თავისთავად  გამოიწვევს დამატებითი სამუშაო  ადგილების შექმნას, რაც რუსეთის დოტაციაზე მყოფი ე.წ. რესპუბლიკისთვის სასიცოცხლოდ არის  აუცილებელი. ჰპოვებს  თუ არა  განვითარებას ასლან  ბჟანიას საუბარი რკინიგზის შესაძლო აღდგენაზე,  ამას საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი გვიჩვენებს.

  მოკლედ მინდა გავიხსენო 2004  წელი, როცა სომხეთის  აქტიურობის შედეგად აფხაზეთში რკინიგზის  აღდგენასთან დაკავშირებული  ქმედებები დაიწყო. კერძოდ, შეიქმნა ქართულ-აფხაზური სამუშაო  ჯგუფები, რომლებიც  დაკომპლექტდნენ რკინიგზის, ენერგეტიკის და  უსაფრთხოების ხაზით მომუშავე სპეციალისტებისგან, აღდგენის დაფინანსება თავის  თავზე რუსეთმა  აიღო. Uუნდა  აღინიშნოს, რომ  ქართულ-აფხაზური შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ ეს იყო იშვიათი  გამონაკლისი, როცა მოხერხდა კონფლიქტურ  მხარეებს შორის ნდობის  გაჩენა.  სამუშაო რეჟიმი როგორც  სოხუმში,  ისე თბილისში მიმდინარეობდა არნახული კეთილგანწყობით, შემდეგ  მოხდა ისე,  რომ ქართული  მხარე რკინიგზის აღდგენის პროცესს გამოეთიშა. მოგვიანებით კი  რუსულმა  სარკინიგზო ჯარებმა ლესელიძე ოჩამჩირის მონაკვეთი  აღადგინეს. ასე  რომ, საქართველოს რკინიგზის  აფხაზეთის  მონაკვეთის აღდგენის  საკითხის წინ  წამოწევა თავისი  შინაარსით  და მნიშვნელობით  ქართველებსა  და აფხაზებს  შორის ურთიერთობის  მოგვარებისკენ წინ გადადგმულ ნაბიჯად  შეიძლება  ჩაითვალოს.

  როგორი უნდა  იყოს  საქართველოს პოზიცია, თუ  რკინიგზის აღდგენის საკითხზე მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. რა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს ქვეყნის როგორც პოლიტიკური, ისე  ეკონომიკური ინტერესი. დევნილთა ეტაპობრივი დაბრუნება თავიანთ მუდმივ  საცხოვრებელ  ადგილებზე - ეს არის ჩვენი მხრიდან მთავარი მოთხოვნა. დევნილთა დაბრუნებაზე  საუბრის ისევ და ისევ დაწყებით კი  დღევანდელი რეალობის  გათვალისწინებით, როცა  რუსეთი ყირიმს  იერთებს და უკრაინის  სხვა  რეგიონებზეც აცხადებს პრეტენზიას, ანუ  ახორციელებს ძალის  დემონსტირებას, სავარაუდოდ მოვლენები შემდეგნაირად შეიძლება განვითარდეს; 1) რკინიგზის აღდგენის საკითხი დროში  გაიჭიმება და მოლაპარაკების გრძელვადიან რაუნდებად  ჩამოყალიბდება. 2) არის შანსი  იმისა, რომ აფხაზებმა უარი  თქვან  დევნილების  დაბრუნებაზე, 3) რუსეთმა  უნდა  გააკეთოს  არჩევანი თავის  სტრატეგიულ  პარტნიორთან - სომხეთთან რკინიგზის აღდგენასა და დევნილების დაბრუნებას  შორის. სასიცოცხლო  და  სტრატეგიულია ამ  პროექტის  განხორციელება რუსეთისა და სომხეთის ურთიერთობებისთვის. გასათვალისწინებელია აზერბაიჯანის ფაქტორი. საქართველო ამ უკანასკნელის ენერგორესურსებზე დამოკიდებული  რესპუბლიკაა,  სომხეთისთვის ყოველგვარი პირობების გარეშე (საუბარია დევნილთა დაბრუნებაზე) დერეფნის  გახსნით აზერბაიჯანმა  სავსებით  სამართლიანად შეიძლება  გადახედოს  საქართველოსთან ურთიერთობას.  ამიტომ  ქართულ  მხარეს უნდა ჰქონდეს დასაბუთებული არგუმენტები,  თუ  რატომ  არის  თანახმა ზემოთ ხსენებული  რკინიგზის  მაგისტრალის აღდგენაზე.

  ამ  ეტაპზე საქართველოს  ხელისუფლების პოზიცია სახელმწიფოებრივია და  დიპლომატიური. საგარეო  უწყების  ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენა უნდა  მოხდეს საქართველოს  ინტერესების დაცვით.

  აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებული სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენა-არაღდგენის საკითხზე როგორც ქართულ, ისე აფხაზურ საზოგადოებაში  ორაზროვანი მიდგომა არსებობს. ყველა არგუმენტირებულ აზრს აქვს არსებობის საშუალება. ჩვენ, ამ შემთხვევაში ქართული მხარე მომავალზე  და თუნდაც შორეული პერსპექტივაში ქვეყნისთვის დადებითი შედეგების მომცემ და სწორად გათვლილ ქმედებებს უნდა ვანხორციელედეთ.

 

როლანა ნიჟარაძე