აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით, მისი ფუძემდებლური პრინციპებით და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებით, ეყრდნობა რა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, უმთავრეს მიზნად აცხადებს რა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას.

თავი პირველი
ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი

  1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა არის საქართველოს განუყოფელი ტერიტორიული ერთეული.
  2.  აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხელისუფლება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონმდებლობას და ამ კონსტიტუციას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობის შესრულება.
  3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია არ შეიძლება შეიცვალოს მისი თანხმობის გარეშე.
  4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა განისაზღვრება საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი სოხუმი.
  5. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს სახელმწიფო ენებია ქართული და აფხაზური. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება ზრუნავს ქართული და აფხაზური ენების ყოველმხრივი განვითარებისთვის.
  6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოები დადგენილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით.

 

მუხლი 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები

  1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოუკიდებლად წყვეტს მის გამგებლობაში შემავალ საკითხებს.
  2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
  3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ახორციელებს უფლებამოსილებებს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით არ მიეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ უფლებამოსილებას
    და რომლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით არ გამოირიცხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებიდან.

 

თავი მეორე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო

 

მუხლი 3. უმაღლესი საბჭოს სტატუსი

  1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, კონტროლს უწევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და ახორციელებს საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
  2. უმაღლესი საბჭოს მუშაობის წესი განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით, რომელსაც უმაღლესი საბჭოს წევრის, კომიტეტის ან ფრაქციის ინიციატივის საფუძველზე სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს უმაღლესი საბჭო. რეგლამენტს აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ძალა და მას ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.


მუხლი 4. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები

  1. უმაღლესი საბჭო 5 წლის ვადით რეგლამენტით დადგენილი წესით ფარული კენჭისყრით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. ერთი და იგივე პირი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
  2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უძღვება უმაღლესი საბჭოს მუშაობას, უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვას, ხელს აწერს უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ აქტებს, ახორციელებს რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე რეგლამენტით დადგენილი წესით ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს უმაღლესი საბჭოს შენობაში.
  3. უმაღლესი საბჭო 5 წლის ვადით რეგლამენტით დადგენილი წესით ფარული კენჭისყრით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეს.


მუხლი 5. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, კომიტეტები და ფრაქციები

  1. უმაღლესი საბჭოს მუშაობის ორგანიზებისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით იქმნება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, რომლის შემადგენლობაში შედიან უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები, უმაღლესი საბჭოს კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები.
  2. საკანონმდებლო საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, უმაღლესი საბჭოს მიერ მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლის მიზნით უმაღლეს საბჭოში იქმნება კომიტეტები. კომიტეტის თავმჯდომარეს 5 წლის ვადით რეგლამენტით დადგენილი წესით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს უმაღლესი საბჭო.
  3. უმაღლესი საბჭოს წევრები შეიძლება გაერთიანდნენ უმაღლესი საბჭოს ფრაქციაში რეგლამენტით დადგენილი წესით. ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ხუთზე ნაკლები. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებები განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.


მუხლი 6. უმაღლესი საბჭოს დროებითი კომისია

  1. უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უმაღლეს საბჭოში იქმნება დროებითი კომისია.
  2. დროებით კომისიაში უმაღლესი საბჭოს ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც.
  3. დროებითი კომისიის მოთხოვნით მის სხდომაზე გამოცხადება, აგრეთვე საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენა სავალდებულოა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოების წარმომადგენლებისთვის.


მუხლი 7. უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვა და ინტერპელაცია

  1. უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს. უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა.
  2. უმაღლესი საბჭოს ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ხუთკაციან ჯგუფს უფლება აქვს ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს, რომელიც ვალდებულია უპასუხოს დასმულ შეკითხვას უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. პასუხი შეიძლება გახდეს უმაღლესი საბჭოს განხილვის საგანი.


მუხლი 8. უმაღლესი საბჭოს სესია და სხდომა

  1. უმაღლესი საბჭო თავისი უფლებით იკრიბება მორიგ სესიაზე წელიწადში ორჯერ. საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს, ხოლო საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და იხურება ივნისის ბოლო პარასკევს.
  2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით უმაღლესი საბჭოს სესიებს შორის პერიოდში იწვევს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომას. თუ წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში მოწვევის აქტი არ გამოიცა, უმაღლესი საბჭო თავისი რეგლამენტის თანახმად იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს სხდომას წარმართავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან მოადგილე უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა ტარდება მხოლოდ ინიციატორის მიერ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.
  3. უმაღლესი საბჭოს სხდომები საჯაროა. უმაღლესი საბჭო დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, იღებს გადაწყვეტილებას ცალკეული საკითხების განხილვისას სხდომის ან სხდომის ნაწილის დახურულად გამოცხადების შესახებ. გადაწყვეტილება სხდომის ან მისი ნაწილის დახურვის შესახებ განიხილება და მიიღება დახურული წესით. უმაღლესი საბჭოს ღია სხდომის ოქმი საჯაროა.
  4. უმაღლესი საბჭოს სხდომაზე კენჭისყრა არის ღია ან ფარული. კენჭისყრა ღიაა, გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით ან საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
  5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრი, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია დაესწროს უმაღლესი საბჭოს, მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომებზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს უმაღლესმა საბჭომ, კომიტეტმა ან კომისიამ.


მუხლი 9. კანონშემოქმედება და გადაწყვეტილებების მიღების წესი

  1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, უმაღლესი საბჭოს წევრს, უმაღლესი საბჭოს ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს კომიტეტს, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებულ საარჩევნო უფლების მქონე არანაკლებ 7 000 მოქალაქეს.
  2. კანონი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ ამ კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული კანონის მიღების სხვა წესი.
  3. უმაღლესი საბჭოს სხვა გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების სხვა წესი.


მუხლი 10. კანონის ხელმოწერა, გამოქვეყნება და ძალაში შესვლა

  1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონს საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელს აწერს და აქვეყნებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
  2. მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია კანონი შენიშვნებით დაუბრუნოს უმაღლეს საბჭოს. უმაღლესი საბჭო კენჭს უყრის მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნებს ერთიანად, რომელთა მისაღებად საკმარისია კანონის მიღებისთვის დადგენილი ხმათა რაოდენობა. თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონის პირვანდელ რედაქციას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
  3. თუ მთავრობის თავმჯდომარემ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ხელი არ მოაწერა კანონს, მას ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

 

თავი მესამე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

 

მუხლი 11. მთავრობა

  1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო.
  2. მთავრობა ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინაშე.
  3. მთავრობა შედგება მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილისა და მინისტრებისგან.
  4. მთავრობის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა პარტიულისა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ანაზღაურებას სხვა საქმიანობისთვის, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა.
  5. მთავრობის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით, რომლის პროექტს უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.


მუხლი 12. მთავრობის თავმჯდომარე

  1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭო კანონმდებლობით დადგენილი წესით. მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნასთან ერთად უმაღლესი საბჭო ამტკიცებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას.
  2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.
  3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს მთავრობის წევრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, ხელს აწერს მთავრობის სამართლებრივ აქტებს.
  4. მთავრობის თავმჯდომარე ნიშნავს და ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს და მინისტრებს.
  5. მთავრობის თავმჯდომარის გადადგომის, მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის, არყოფნის და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე. მთავრობის თავმჯდომარის გადადგომის ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.
  6. მთავრობის თავმჯდომარე მთავრობის საქმიანობისთვის ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წინაშე. წელიწადში ერთხელ იგი უმაღლეს საბჭოს წარუდგენს მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, აგრეთვე უმაღლესი საბჭოს მოთხოვნით – სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ანგარიშს.

 

თავი მეოთხე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი და ქონება

 

მუხლი 13. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი

  1. უმაღლესი საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ყოველწლიურად იღებს კანონს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესახებ.
  2. უმაღლეს საბჭოს ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს მთავრობის თავმჯდომარე. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უმაღლეს საბჭოს წარედგინება არა უგვიანეს 2 თვისა მიმდინარე საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე. ბიუჯეტის პროექტთან ერთად მთავრობის თავმჯდომარე წარადგენს მოხსენებას მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
  3. თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო ბიუჯეტის პროექტი, იგი უბრუნდება მთავრობის თავმჯდომარეს შენიშვნებით. მთავრობის თავმჯდომარე 2 კვირის ვადაში შესაბამისი ცვლილებებით ხელახლა წარუდგენს უმაღლეს საბჭოს ბიუჯეტის პროექტს.
  4. თუ უმაღლესმა საბჭომ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე არ მიიღო ბიუჯეტი, აუცილებელი საბიუჯეტო ხარჯები დაიფარება წინა წლის ბიუჯეტის მიხედვით.
  5. მთავრობის თავმჯდომარეს შეუძლია უმაღლესი საბჭოსგან მოითხოვოს დამატებითი ხარჯების გაღება, თუ მიუთითებს მისი დაფარვის წყაროს.
  6. საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვისა მთავრობის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს.
  7. ბიუჯეტის შედგენისა და მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებით.


მუხლი 14. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონება

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს ქონება, რომლის ფორმირებისა და განკარგვის წესი განისაზღვრება საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით.

 

თავი  მეხუთე 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღება და გადასინჯვა

 

მუხლი 15. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღებისა და გადასინჯვის წესი

  1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღება და გადაისინჯება უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით.
  2. კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლება აქვს მთავრობას, უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებულ საარჩევნო უფლების მქონე არანაკლებ 20 000 მოქალაქეს.
  3. კონსტიტუციური კანონის პროექტი წარედგინება უმაღლეს საბჭოს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის. უმაღლეს საბჭოში კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ორი კვირის შემდეგ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი    რ. აბაშიძე

21 ნოემბერი, 2019