აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 29 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„დღეს სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. დღევანდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებით მძიმე დღეა. შეიარაღებულმა მოქმედებებმა შეიწირა მრავალი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე კონფლიქტის ორივე მხარეს. უამრავი ადამიანი იქცა ლტოლვილად და დევნილად საკუთარ სამშობლოში.

დღეს მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების და ყველა იმ თანამოქალაქის წინაშე, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. ჩვენ პატივს მივაგებთ გარდაცვლილთა ხსოვნას.

წარსულის მწარე გამოცდილებით ჩვენ ყველა ნათლად ვაცნობიერებთ, რომ ამ დაპირისპირებას გამარჯვებული არ ჰყავს და აფხაზებთან მშვიდობიან თანაცხოვრებას ალტერნატივა არ გააჩნია. უთანხმოების მოგვარების ერთადერთი შესაძლებლობა კონსენსუსზე დამყარებული სამშვიდობო პოლიტიკის გატარებაა.

ჩვენი გმირების სამშობლოსათვის თავგანწირვის სულისკვეთებით, გაძლიერებული ძალისხმევით და მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზებით უნდა მივაღწიოთ შერიგებას, დეოკუპაციას, აფხაზეთში დაბრუნებას და ჩვენი სამშობლოს ერთიანობას.  მჯერა, რომ ჩვენ შეგვწევს ძალა, დავძლიოთ დაპირისპირების მძიმე შედეგები და ვიშრომოთ აფხაზთა და ქართველთა საერთო ევროპული მომავლისა  და კეთილდღეობისათვის“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

დღესვე, გმირთა მოედანზე, საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი გაიხსნა, რომლის ავტორია მოქანდაკე ავთანდილ მჭედლიშვილი.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.