აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძე შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის დირექტორს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესა და შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის დირექტორ თინათინ მახარაძეს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია მონაწილეობდა.

შეხვედრის მონაწილეებმა მიმდინარე ეტაპზე ურთიერთთანამშრომლობის ასპექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ კოლეჯში წელს პირველად ჩაირიცხა აფხაზეთიდან დევნილი ორი ახალგაზრდა, რომლებიც განათლებას რძის პროდუქტების წარმოებისა და ფერმერობის მიმართულებით მიიღებენ.

სასწავლებლის სტუდენტები სწავლობენ და ცხოვრობენ შვეიცარიული სტანდარტის კეთილმოწყობილ კამპუსში, რომელიც დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში მდებარეობს. სწავლა დაფუძნებულია დუალური სწავლების პრინციპებზე, რაც თეორიისა და პრაქტიკის კომბინაციას გულისხმობს.

შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია უპრეცედენტო არაკომერციული კერძო ინიციატივაა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროფესიული განათლების სექტორში. შვეიცარიული სტანდარტით შექმნილი კოლეჯი სპეციალიზირებულია მეცხოველეობასა და რძის გადამუშავებაში.