აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძის განცხადება ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე, ერთ-ერთი გამორჩეული დღეა მთელი კაცობრიობისათვის. ტოლერანტობა არის უმნიშვნელოვანესი პრინციპი და ფუნდამენტი, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს.

ჩვენი ქვეყნის ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ ქართველი ხალხი განსხვავებებს სიმდიდრედ მიიჩნევს. საქართველოს გააჩნია ტოლერანტულ გარემოში მშვიდობიანი თანაცხოვრების უნიკალური და მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია. ჩვენ ქვეყანაში თითოეული მოქალაქის უფლება თავისი კულტურის, რელიგიისა და ტრადიციების თავისუფალ შესრულებაზე დაცულია მისი იდენტობის, წარმოშობის, რასისა და რწმენის განურჩევლად.

საქართველოს ხელისუფლებისათვის მთავარ ღირებულებას ადამიანი, მისი ღირსება და უფლებები წარმოადგენს. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პოლიტიკა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პრინციპებზეა დაფუძნებული. მისი მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა იდენტობისა და უფლებების დაცვა, თითოეული მოქალაქის განვითარებისათვის თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფა. ტოლერანტული გარემოს დამკვიდრებითა და განმტკიცებით, ქვეყნის ხელისუფლება უზრუნველყოფს ევროპული და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას.