აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2022 წლის ახალგაზრდული საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

ახალგაზრდული მიმართულებით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2022 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც იმ მნიშვნელოვან პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა, რომლებიც სამინისტროს მიერ მიმდინარე საანგარიშო წელს განხორციელდა.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია” დაამტკიცა, რომელიც საფუძვლად დაედო სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის შექმნას. აღნიშნული „სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026“ და მისი 2023 წლის სამოქმედო გეგმა მთავრობის სხდომაზე პრემიერს წარედგინა.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი გივიაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე მარიამ კუჭავა, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია, საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.