აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძე პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენას დაესწრო

დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა გაიმართა. ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

პრემიერმა საანგარიშო მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აღნიშნა:

„რაც შეეხება შერიგება-თანასწორობის მიმართულებით  მთავრობის პოლიტიკას, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ჩვენი  მშვიდობიანი პოლიტიკის  გაგრძელება ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში, ჩვენი შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ეფექტიანი განხორცილება. ჩვენი მიზანია საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის და ნდობის აღდგენის ხელშეწყობით კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების შერიგება. 

ჩვენ ძალიან ბევრს ვეხმარებით ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს, ძმებს და დებს, ამის თაობაზე ჩვენ საჯაროდ არ ვსაუბრობთ, ეს არის შეგნებული პოლიტიკა, გააზრებული პოლიტიკა, ამიტომ არ გვსურს ამის აფიშირება, თუმცა მინდა გითხრა,თ რომ ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ჩვენს მიერ შეთავაზებული სერვისებით. მაგალითად 230 სტუდენტი ჩაირიცხა გასულ წელს, 1300 -ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა ჯანდაცვის სერვისებით და რა თქმა უნდა, ეს დახმარებები გაგრძელდება მომავალშიც. 

საერთოდ ერთი მინდა ვთქვა, ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ყველაზე მთავარი ამოცანა და იდეა, რომლის გარშემოც ჩვენი ერი უნდა გაერთიანდეს არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება.საუბედუროდ, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ყველაფერზე საუბრობენ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გარდა.

მოგეხსენებათ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ბიუჯეტი სულ რაღაც რამდენიმე ასეულ, თუ არ ვცდები 200 მილიონ დოლარს შეადგენს, აქედან სრულად არის დოტაციაზე მათი ეს ბიუჯეტი  და მინდა ვთქვა შემდეგი, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის და დებისთვის ეს არის გაშვებული შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია  პირველ სამ წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთში და ასევე სამაჩაბლოში. ძალიან მარტივად შეიძლება ამის ორგანიზება, ჩვენ ეს გააზრებული გვაქვს, ამის თაობაზე ჩვენ გქვონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა. აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო, ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. აქვს უზარმაზარი პოტენციალი აფხაზეთის რომ გახდეს მეორე მონაკო და სოხუმი მეორე მონტე კარლო,  შეიძლება ასე ითქვას, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი, ჩვენ გვინდა ამდენი ომებით მიღებული ჭრილობები, რომ იტყვიან, მოვიშუშოთ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პოლიტიკა არ გადაიხედება,  ჩვენ გვინდა მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღნიშნული კონფლიქტის, ამ საშინელი ტრაგედიის დასრულება და შერიგება იმისთვის, რომ ყველამ ერთად ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ საქართველოში, ევროპულ საქართველოში“.

ყოველწლიურ ანგარიშში პრემიერ-მინისტრი ასევე შეეხო დევნილი მოსახლეობის განსახლების საკითხს.

„რაც შეეხება ზოგადად დევნილების მიმართულებით,  ჩვენს მიერ გატარებულ პოლიტიკას, იცით, რომ ჩვენ ახლა ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს. ჩვენ 13 000 ოჯახს ავუშენებთ ბინებს, ეს არის 900 მილიონი ლარის პროექტი, მომდევნო ორ-სამ წელიწადში დასრულდება აღნიშნული პროექტი და 13 000 ოჯახს გადაეცემა ბინები. სულ, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, 29 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.