აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა იმერეთის რეგიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზესტაფონში, წყალტუბოსა და ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე გაეცნო სამინისტროს მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

ზესტაფონში, მაღლაკელიძის ქ. №5-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტის სახურავის რეაბილიტაცია, კერძოდ წყალსაწრეტი სისტემის მონტაჟი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს „ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობის თანამონაწილეობის“ პროგრამის ფარგლებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად განხორციელდა.

წყალტუბოში, კოპიტნარის მე-7 კორპუსის სახურავის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა.

ქუთაისში, ახალგაზრდობის ქ. №19ა-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტის სახურავის დასაკიდი წყალშემკრები ღარების დამზადება და მონტაჟი, სამინისტროს „დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში იქნა უზრუნველყოფილი.

„სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროგრამების ფარგლებში, ასევე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, ფაქტობრივად არ დარჩა დევნილთა განსახლების ობიექტი, სადაც პრობლემური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია არ განხორციელდა.

ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და დარწმუნებული ვარ მომავალი წლისთვის ერთად მოვახერხებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით კრიტიკული ინფრასტრუქტურული საკითხების მოწესრიგებას.“ - დავით ფაცაცია.