აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის საახალწლო მილოცვა

ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ახალ წელს! ეს წელი გამარჯვებების, ახალი შესაძლებლობების და წინსვლის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის და სრულიად საქართველოსთვის.

გასულ წელს საქართველომ სახელმწიფოებრივი განვითარების მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ღირსეულად აგრძელებს სვლას ევროატლანტიკური მომავლის მშენებლობის მიმართულებით. ეს მიღწევა და შესაძლებლობათა ფანჯარა დამსახურებულად ეკუთვნით ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებსაც.

სწორედ ამიტომ მთელი გულით და განსაკუთრებულად ვულოცავ ახალ წელს აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს დებსა და ძმებს, ეთნო-კულტურულად და რელიგიურად მრავალფეროვანი ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრს. ქვეყნის განვითარება მხოლოდ თქვენთან ერთად წარმოგვიდგენია.

აგრეთვე უდიდესი სიყვარულით ვულოცავ აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წევრებს, რომლებიც გმირულად უმკლავდებიან ოკუპაციის შედეგად მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს.

დარწმუნებული ვარ ჩვენი ხელისუფლების მიერ ყოვლისმომცველი სამშვიდობო პოლიტიკის გატარებით შესაძლებელია ქვეყნის დეოკუპაცია, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებთა შერიგება და ნდობის აღდგენა. მჯერა ერთმანეთის მხარდაჭერისა და ურთიერთპატივისცემის გზით შევძლებთ მშვიდობიან თანაცხოვრებას ერთიან, ძლიერ ევროპულ სახელმწიფოში.

მსურს, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ყველას. ბედნიერი იყოს 2024 წელი თქვენთვის, ჩვენი სამშობლოსთვის!