აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსთაველის თეატრში აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების საანგარიშო ღონისძიება - „აფხაზეთისთვის“ გაიმართა

რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების საანგარიშო ღონისძიება - „აფხაზეთისთვის“ გაიმართა.

გალა-კონცერტში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, გიორგი რატიანის სახელობის სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის უფროსი თაობა, გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „გუმბათი“, ანსამბლ „შავნაბადას“ ბავშვთა გუნდი და ანსამბლ „აფხაზეთთან“ არსებული კანდიდ თარბას სახელობის ბავშვთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი მონაწილეობდნენ.

„საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია, რომ ჩვენ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს დევნილობის 30 წელი შეგვისრულდა. მიუხედავად რთული და გამოწვევებით სავსე წლებისა, აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებას, მათ შორის, მეცნიერების, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს არ შეუწყვეტიათ ფიქრი და ზრუნვა წინსვლასა და განვითარებაზე. ეს კონცერტიც გახლავთ ერთგვარი ანგარიში, პირველ რიგში ჩვენი დევნილი საზოგადოების წარმომადგენელთათვის, თუ რას ვაკეთებდით, რისთვის და რისკენ მივდიოდით ამ 30 წლის განმავლობაში, რასაკვირველია „აფხაზეთისთვის“ და ამას ღონისძიების სლოგანიც მოწმობს“, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ.

თეატრის ფოიეში მოეწყო აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრებისა და აფხაზეთის ბეჭდური გამოცემების, ჟურნალების „რიწა“ და „იალქანი“ გამოფენა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.