აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრს, თინათინ გულბანს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრს, აფხაზეთის სახელით მოასპარეზე თინათინ გულბანს შეხვდა, თბილისის კადეტთა ევროპის თასზე გამარჯვება მიულოცა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

შეხვედრაზე მინისტრმა სამომავლო გეგმებსა და სპორტის ამ სახეობის ხელშეწყობის საჭიროებაზე იმსჯელა. თავის მხრივ, თინათინ გულბანმა მინისტრს საკუთარი პროფესიული გამოცდილება და სამომავლო მიზნები გააცნო.

თინათინ გულბანი საქართველოსა და ევროპის მრავალგზის პრიზიორია, აფხაზეთის ძიუდოს ფედერაციაში 4 წლის განმავლობაში ვარჯიშობს და ამ პერიოდში 21 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ანეტა კიტია, აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის პრეზიდენტი კობა გეგია და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოადგილე ვიტალი ბენდელიანი ესწრებოდნენ.