ლევან მგალობლიშვილი ქუთაისში სამედიცინო ცენტრ „დიომედი +“-ის პერსონალს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავასთან ერთად, ქუთაისში მდებარე სამედიცინო ცენტრ „დიომედი +“-ში იმყოფებოდა, სადაც ცენტრის პერსონალს შეხვდა და კლინიკა დაათვალიერა.

მთავრობის თავმჯდომარემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს პროფესიონალიზმისა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა და ექიმებს „დიომედის“ კლინიკების ახალი დირექტორი ნათია ფარცვანია წარუდგინა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის პოლიკლინიკების რებრენდინგის და სამომავლო განვითარების აუცილებლობაზე, ასევე სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ინფრასტრუქტურული გარემოს გაუმჯობესებაზე, რაც ხელს შეუწყობს დროებით დევნილი მოსახლეობის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფას.

ვიზიტის ფარგლებში მთავრობის თავმჯდომარემ კლინიკის ყოფილი მენეჯერი, ღვაწლმოსილი ექიმი ნინო ქასრაშვილი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის აფხაზეთის მთავრობის მადლობის სიგელით დააჯილდოვა.