აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში მინისტრ ბექა ღვაჩლიანს მოუსმინეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს ბექა ღვაჩლიანს მოუსმინეს.

სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

მინისტრმა დეპუტატების შეკითხვების უპასუხა, დეტალურად მიმოიხილა განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებით სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობა, გააცნო მიღწეული შედეგები და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

მოხსენების ფორმატში ბექა ღვაჩლიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებული გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვით გამოწვეული საკითხების გადაჭრის გზებზე. ამ კონტექსტში დისტანციური სწავლების ფორმატის განვითარება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საპასუხო მექანიზმად დასახელდა.

ასევე ხაზი გაესვა დევნილი სტუდენტების ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნის მნიშვნელობას, რომელიც უმაღლესი განათლების მიღების მსურველ ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს მათ საჭიროებებზე ორიენტირებული პროგრამების მოძიებაში.

სხდომას უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის განათლების მინისტრის მოადგილე დავით მიქავა და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.