ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი 64-ე რაუნდი იმართება.
ქართული დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით მოლაპარაკებებზე დღეს გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე იმყოფება.
მოლაპარაკებების 64-ე რაუნდის ძირითადი თემები იქნება რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხები.
„ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარე რაუნდზე ჩვენ წარმოვადგენთ ყველა იმ მიმართულებას და გამოწვევებს, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს მოსახლეობასთან. ეს არის სისტემატური უკანონო დაკავებების შემთხვევები, რაზეც აუცილებლად გვექნება შესაბამისი რეაგირება და ჩვენი მხრიდან საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აუცილებლად მოვითხოვთ მათ უპირობო გათავისუფლებას.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა იქნება ასევე ჩვენი დევნილების დაბრუნება მათ საკუთარ სახლებში და უმთავრესი პრიორიტეტი - ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის საკითხი. ამ მიმართულებით გვაქვს ძალიან დიდი გამოწვევები, შესაბამისად ეს ფორმატი გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო კომპლექსურად განვიხილოთ აღნიშნული საკითხები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გადავჭრათ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 64-ე რაუნდი 25-26 ივნისს გაიმართება.