გიორგი ჯინჭარაძე ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ზუგდიდში დაესწრო

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერ მამუკა წოწერიასთან ერთად ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში დაესწრო.
 
მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთიდან დევნილ აბიტურიენტებს გაესაუბრა და გამოცდების წარმატებით ჩაბარება უსურვა.
 
"დღეს ჩვენი აბიტურიენტებისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, მათ შორის აფხაზეთიდან დროებით დევნილი ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც თავისი როლი უნდა შეასრულონ საქართველოს გამთლიანებასა და წარმატებაში.
 
მინდა ყველა მათგანს ვუსურვო წარმატებები გამოცდებზე, რადგან ქვეყნის მომავალი, ერთიანობა და ნდობის აღდგენა მათ წარმატებაზეა დამოკიდებული.
 
ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ ზუგდიდიდან სულ რამდენიმე კილომეტრში, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდები შეზღუდულები და მოკლებულები არიან ქართულ ენაზე სწავლებას, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ ახალგაზრდების ჩართულობითა და სახალხო დიპლომატიით ეს პრობლემები გადაიჭრება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება“,- განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
 
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაიხსნა და 22 ივლისს დასრულდება.