აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კორცხელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო წირვას დაესწრო.
„მარიამობის დღესასწაული განსაკუთრებული მნიშვნელობის დღეა ჩვენი ხალხისთვის. ეს დღე აძლიერებს ჩვენს სულიერ ერთობას, რწმენასა და ეროვნული ტრადიციების შენარჩუნებას.
დღევანდელი დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო აფხაზეთიდან დევნილ ჩვენ თანამემამულეებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას. მათთვის ერთობის, მშვიდობისა და საქართველოს მთლიანობისთვის ლოცვა დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად უნდა გავაძლიეროთ რწმენა და ღვთისმშობლის მადლით ჩვენი სამშობლო აუცილებლად გაერთიანდება“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
ტაძარში მრევლთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, საქართველოს პარლამენტის წევრი გენრიეტა წიწავა, ზუგდიდი მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი დავით კოდუა იმყოფებოდნენ.
კორცხელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით, საღმრთო ლიტურგია შესრულდა.