აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის №1 საჯარო სკოლას ეწვია და საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სწავლის დაწყება ზუგდიდიდან მიულოცა.
გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, მოსწავლეებს სიტყვით მიმართა და ოქროს მედალოსანი მოსწავლეები დააჯილდოვა.
„დღეს ზუგდიდში ჩამოსვლის გადაწყვეტილება მივიღე და სწორედ აქედან ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას აფხაზეთიდან დევნილ და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც ჯერ კიდევ ახერხებენ ქართულ ენაზე განათლების მიღებას.
აქვე განსაკუთრებით მინდა მივულოცო პედაგოგებს, რომლებიც დიდი რისკისა და შიშის ფასად ახერხებენ სასწავლო პროცესის ქართულ ენაზე წარმართვას და ამით აფხაზეთში საქართველოსა და მის მომავალს ინარჩუნებენ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
დღესვე, ახალი სასწავლო წლის დაწყება, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მდებარე აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიულოცეს.