აფხაზეთის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ და განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა, ახალი სასწავლო წლის დაწყება, აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებს, ზუგდიდში მდებარე აფხაზეთის N1 საჯარო სკოლიდან მიულოცეს.

მთავრობის თავმჯდომარემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად, მოსწავლეებს სიტყვით მიმართა და ოქროს მედალოსანი მოსწავლეები დააჯილდოვა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, ასევე აფხაზეთის N15 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცა.

დღესვე, ახალი სასწავლო წლის დაწყება, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მდებარე აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიულოცეს.

15 სექტემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში, სასწავლო პროცესი ოფიციალურად დაიწყო.