2025-10-04 |
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი ვიქტორ სანეევის იუბილისადმი მიძღვნილი საღამოს დაესწრო
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მუზეუმის დარბაზში, ვიქტორ სანეევის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო და ფილმის “სოხუმი-თბილისი-სიდნეი” ჩვენება გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან ერთად დაესწრო.
გოგი თორაძის რეჟისორობით შექმნილი ფილმი “სოხუმი-თბილისი-სიდნეი” ლეგენდარული ქართველი სპორტსმენის ვიქტორ სანეევის ცხოვრებაზე, წარმატებისკენ მიმავალ გზასა და მის მოგონებებზე გვიამბობს.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, სპორტის სფეროს წარმომადგენლებმა და ვიქტორ სანეევის მეგობრებმა მიმართეს, გაიხსენეს ფრაგმენტები და მოგონებები ვიქტორ სანეევის შესახებ და მისი სპორტული მიღწევების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
დღესვე ვიქტორ სანეევის ხსოვნის საპატივცემულოდ, ვაკეში, მისი საცხოვრებელი სახლის წინ (ფალიაშვილის ქუჩა N66, I სადარბაზო) მემორიალური დაფა გაიხსნა. ღონისძიებას სპეციალური მოწვევით ვიქტორ სანეევის მეუღლე იანა ხვარცკია ესწრებოდა.
ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი სამხტომში, ვიქტორ სანეევი 1945 წლის 3 ოქტომბერს ქალაქ სოხუმში დაიბადა. ზედიზედ სამჯერ გახდა ოლიმპიური ოქროს მედლის პრიზიორი, სამჯერ იყო დასახელებული საქართველოს წლის საკუეთესო ქართველ სპორტსმენად. ვიქტორ სანეევი 2022 წლის 3 იანვარს ავსტრალიაში გარდაიცვალა.