დავით ფაცაცია რენალდ დგებუაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გაიმართა რენალდ დგებუაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც დეპუტატებთან ერთად ესწრებოდნენ აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთის მთავრობის, სამინისტროს და საზოგადოების წარმომადგენლები, რენალდ დგებუაძის ოჯახის წევრები, მეგობრები.

ღონისძიებას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია. სიტყვით გამოვიდნენ რენალდ დგებუაძის მეგობრები, კოლეგები და თანამებრძოლები. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მომზადებული ვიდეო ფილმი რენალდ დგებუაძის შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში, რენალდ დგებუაძის მეუღლემ თამარ ვეფხვაძემ დაარიგა ოთარ აკიშბაიას მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დეპუტატზე დაწერილი წიგნები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს რენალდ დგებუაძეს 2025 წლის 13 ოქტომბერს 85 წელი შეუსრულდებოდა. ის 63 წლის ასაკში 2004 წლის 7 ნოემბერს გარდაიცვალა.