თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიმართეს. მათ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს და მრავალწლიანი შრომისთვის, პროფესიისადმი ერთგულებისთვისა და მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.
განათლების სისტემისა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო - 10 000 ლარი 10 პედაგოგს გადაეცა.
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება.
