ბათუმში, თამარის დასახლებაში, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. ღონისძიება აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა, რომელშიც თბილისის წამყვანი კლინიკების ექიმ-სპეციალისტები მონაწილეობდნენ.
სამედიცინო აქციის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარებს შესაძლებლობა ეძლევათ, უფასოდ ჩაიტარონ მრავალპროფილური გამოკვლევები, ექიმის დანიშნულების შესაბამისად კი მათ უფასო მედიკამენტები გადაეცემათ.
გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე გაეცნენ.
მთავრობის თავმჯდომარე ასევე დევნილ ბენეფიციარებს შეხვდა და იმ პროგრამების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც აფხაზეთის მთავრობა დევნილთა საჭიროების გათვალისწინებით 2026 წელს განახორციელებს.
სამედიცინო გამოკვლევების პროგრამის მიზანია დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობა და ჯანდაცვის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის ზრდა.
