პროექტ „მე აფხაზეთისთვის“ 2025 წლის მთავარი ჯილდო პატრიარქს გადაეცა

ყოველწლიური პროექტის „მე აფხაზეთისთვის“ მონაწილეთა 2025 წლის დაჯილდოება გაიმართა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ღონისძიების მთავარი ჯილდო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესი და უნეტარესს ილია მეორეს გადაეცა.

„დღევანდელი ღონისძიება, სხვა წლებისგან განსხვავებით იმით გამოირჩევა, რომ ჩვენ ამ ჯილდოს პირველ რიგში გადავცემთ უწმინდესსა და უნეტარესს ჩვენს პატრიარქს ილია II-ს და მე მაქვს იმის პატივი, რომ პირადად მას გადავცე აღნიშნული ჯილდო შობის დღესასწაულზე. ჩვენ გვჯერა, რომ მისი ლოცვა-კურთხევით აუცილებლად დავბრუნდებით ჩვენ მიწა-წყალზე აფხაზეთში“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

ღონისძების ფარგლებში ასევე სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 12 წარმატებული ადამიანი დაჯილდოვდა, რომლებმაც საკუთარი ნიჭითა და დაუღალავი შრომით აფხაზეთის სახელი არაერთ წარმატებას დაუკავშირეს.

2025 წლის ჯილდოს მფლობელები გახდნენ: სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე ზურაბ ერქვანია, პროფესორი და მეცნიერი რევაზ სულუხია, სახელმწიფო მოღვაწე გოგი ფაცაცია, ფილოლოგი და მკვლევარი ნატო მარშანია, მხატვარი დავით გუა (ბაძაღუა), ჟურნალისტი ნანა ჭანტურია, მეცნიერი და პროფესორი ოთარ ჟორდანია, მსახიობი ლილი ხურითი, სუმოისტი ლევან ცაგურია, ტელეწამყვანი და „მე აფხაზეთისთვის“ იდეის ავტორი, ტელეწამყვანი ლიკა კვარაცხელია, მუსიკოსი ზვიად ბოლქვაძე და ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი (დათუაშვილი).

ნომინანტებს სპეციალური პრიზები აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა გადასცეს.

პროექტი „მე აფხაზეთისთვის“ აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით მეექვსე წელია, იმართება.